პრეზიდენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებისთვის დადებულ ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე საუბრობს.
მიქანაძე პრეზიდენტს აკრიტიკებს და მის მიერ ვეტოს გამოყენებას “მორიგ დესტრუქციულ და რადიკალური ოპოზიციის ნარატივით ნაკარნახევ გადაწყვეტილებად” მოიხსენიებს.
სახეზე არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მორიგი დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიციის ნარატივით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომ ვეტო დადოს იმ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ცესკოს საქმიანობის გამართული წარმართვისთვის. არასდროს ამ ვეტოს მისი მხრიდან არ ჰქონია არც სამართლებრივი საფუძველი, არც რაღაც კონკრეტული საჭიროება. ასეთ მიდგომას პარლამენტი რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გასცემს და უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს,“ – ამბობს გივი მიქანაძე.
პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო.
პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა “ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს, თუმცა ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.
ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას.
„ქართულ ქარტიაში“ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მისი სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.
დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში,” – წერია განცხადებაში.