ოცნება კიდევ ერთხელ აპირებს ოქრუაშვილის დაჭერას

რა თემაზე აპირებს ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილთან ვაჭრობას

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შესაძლოა მესამედ აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. როგორც „თაიმერს“ მმართველ პარტიაში განუცხადეს, მისი დაკავება თითქმის გადაწყვეტილია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მწვავე რეაქცია ექნება დასავლეთს და ქართულ საზოგადოებას იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ განახლდა.
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ბუტა რობაქიძის მკვლელობას უკავშირდება. ამ საქმეს „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყენებდა ოპოზიციონერის წინააღმდეგ და გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ ამჯერად ის ციხეში მიხეილ ქარელის სასაცილო ჩვენების საფუძველზე გაუშვან.
ნაწყვეტი მიხეილ ქარელის ჩვენებიდან: „ 2004 წლის ნოემბრის ბოლოს, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, სუფრაზე შევხვდი ირაკლი ოქრუაშვილს, “იაღლიში” მოგვივიდაო, პოლიციელს შემთხვევით გაუვარდა იარაღიო. თქვა, რომ ეს საქმე მისი დავალებით ისე „გააპრავეს”, თითქოს ბანდიტურ დაჯგუფებას და პოლიციას შორის ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა ბუტა რობაქიძე. ასევე მოგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი ირაკლი ოქრუაშვილისგან სხვა დროსაც მოვისმინე. ზუსტ დროს და შეხვედრის ადგილს ვერ ვიხსენებ, ვინაიდან 15 წელია მას შემდეგ გასული. ზუსტად ვერ ვიხსენებ აღნიშნული სუფრა რომელიმე რესტორანში იყო თუ ვინმესთან სახლში. იმ შემთხვევაში თუ გავიხსენებ, ვინ იყვნენ სუფრაზე ჩემთან ერთად, მზად ვარ აღნიშნულის შესახებ გამოძიებას დამატებით მივაწოდო ინფორმაცია“.
პროკურატურა 2019 წელს ამტკიცებდა, რომ მათ მიხეილ ქარელი თავად დაუკავშირდა და საკუთარი ინიციატივით მისცა ჩვენება. სინამდვილეში კი, როგორც ამბობენ, ყოფილი გუბერნატორი გოგა ხაინდრავამ დაქოქა. „ქართული ოცნება“ ქარელს გორში მაჟორიტარად წარდგენასაც კი დაჰპირდა თუ ის მაგარ ჩვენებას მისცემდა.
როგორც „თაიმერს“ ხელისუფლების კულუარებში უთხრეს, „ოცნებას“ ოქრუაშვილის ციხეში გაშვება მასთან სავაჭროდ სჭირდება. რა თემაზე აპირებენ მასთან ვაჭრობას, ეს ჯერ–ჯერობით ვერ გავარკვიეთ. გამორიცხული არაა, რომ საქმე „რუსთავი 2“-ს ეხებოდეს. ჩვენი ინფორმაციით, მასთან ამ თემაზე შეხვედრას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების რუხი კარდინალი ვანო ჩხარტიშვილიც აპირებდა.
გაუშვებენ თუ არა ოქრუაშვილს ციხეში, ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად იაქტიურებს ოპოზიცია. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც არ მოიჭრიან თავს, როგორც ეს 2019 წელს დაემართათ. მაშინ 20 ივნისის საქმეზე მხოლოდ ერთი ოპოზიციური ლიდერი -ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს და მის დასაცავად რამდენიმე პოლიტიკოსის გარდა ხმა არავის ამოუღია. მეტიც, ზოგიერთი ოპოზიციონერი ხელისუფლებას პირდაპირ ევაჭრებოდა, საპარლამენტო არჩევნებამდე ოქრუაშვილი არ გამოუშვათო.
ოპოზიციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის გამოშვება რომ არ სურდა, ეს არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა. ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებდა. გამომდინარე იქედან, რომ 20 ივნისის საქმეზე ყველა ლიდერის მაგივრად ოქრუაშვილი დაიჭირეს, პირველად მისი კანდიდატურა უნდა დაესახელებინათ. მოვლენები სხვანაირად განვითარდა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ციხიდან გამოსვლა არ აცალეს, ისე გადაინაწილეს მაჟორიტარული ოლქები. საბურთალოსთვის ვერავინ შეარჩიეს და აქ დააყენა ყოფილმა მინისტრმა თავისი კანდიდატურა. თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუყენა კონკურენტი. ნაციონალებმა საბურთალოზე კანდიდატი არ დააყენეს, მაგრამ პარტაქტივს დავალება მიეცა, რომ ალეკო ელისაშვილისთვის ან ბადრი ჯაფარიძისთვის მიეცათ ხმა.
ოქრუაშვილსა და ოპოზიციის ნაწილს შორის არჩევნების შემდეგ მკვეთრად დაიძაბა ვითარება. მას რამდენიმე პარტიის ლიდერი შემოელანძღა და ამის გამო, შესაძლოა, მათგან სათანადო მხარდაჭერა ვეღარ მიიღოს. ქართულ პოლიტიკაში პირად წყენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაინჯია: არჩევნებზე გარკვეულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, თუმცა იმ დოზით არა, რომ ხელმეორე არჩევნების საფუძველი შექმნილიყო