გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ “ოცნება” ასევე აპირებს ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების შეზღუდვას.
“მდინარეებში ნარჩენების 88% არის პლასტმასის, მათ შორის, დაქუცმაცებული პლასტმასის, ხოლო PET-ის ბოთლები 41%-ია, მათ შორის არის პლასტმასის ერთჯერადი ნაკეთობები, რაც ჩვენ უკვე ავკრძალეთ. ასევე არის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი პარკები, რომლის შეზღუდვასაც ჩვენ მომავალში ვაპირებთ, რადგან ესეც დამაბინძურებელია.
ჩვენ გარკვეული რეგულაციები დავაწესეთ, რომელმაც იმუშავა. ჩვენ შევთავაზეთ ევროსტანდარტი, ამერიკული და დიდი ბრიტანეთის სტანდარტი, რათა კონკურენცია შექმნილიყო და შევეცადეთ კონსტრუქციულები ვყოფილიყავით კერძო სექტორთან.
მსოფლიო ბანკის კვლევაც ადასტურებს, რომ ბიოდეგრადირებადია პარკი თუ ოქსობიოდეგრადირებადია მაინც ისეთი ნარჩენია, როგორც პლასტიკის პარკი. აუცილებელია უფრო მკაცრი ზომების მიღება, მაგრამ აქაც ჩვენ გვინდა სინქრონიზებული ვიყოთ კერძო სექტორთან.
მთავარი საფუძველი ის არის, რომ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკური ნებაა აქვს ნარჩენების პრევენცია განახორციელოს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის დამოკიდებულება აღსრულების მექანიზმები და რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობა,” – თქვა პავლიაშვილმა.
















