“ოცნება” ემიგრანტების წინააღმდეგ – მესამე სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში დავას არ გამორიცხავს. ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებით, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.
საარჩევნო საკითხების ექსპერტი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საერთოდ ერთმევათ.
მისი თქმით, “ოცნებისთვის” უცხოეთში მცხოვრები ქართველების ხმის მიცემის შედეგები ძალიან ხშირ შემთხვევაში არ იყო სასურველი.
“საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ არის ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭება და მათთვის საარჩევნო უბნების გახსნა, რაც იყო, რა თქმა უნდა, პრაქტიკა საქართველოსთვის. ნაცვლად იმისა, რომ გაუმჯობესდეს მათი მონაწილეობა და მათი საარჩევნო უფლებები ვხედავთ, რომ საერთოდ ერთმევათ ფაქტობრივად არჩევნებში მონაწილეობა ემიგრანტებს. ემიგრანტების ხმის მიცემის შედეგები ძალიან ხშირ შემთხვევაში არ იყო “ქართული ოცნებისთვის” სასურველი და შესაბამისად ალბათ გადაწყვიტეს ამით, რომ ერთს მხრივ დაესაჯათ ემიგრანტები წინა გადაწყვეტილებების და ხმის მიცემის გამო და ასევე, მომავალში თუ კი იქნება არჩევნები, რომ მათ არ მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობის,” – ამბობს ნინო დოლიძე.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი, თათია კონიაშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ემიგრანტების მხოლოდ 36%-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც ასევე “ოცნების” მიერ შექმნილი ბარიერებით იყო განპირობებული.
“წინა საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის არჩევნებს ვგულისხმობ, რა დროსაც ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სურვილი, რომ საზღვარგარეთ მიეღოთ არჩევნებში მონაილეობა. თუმცა იქიდან მხოლოდ 36%-მა შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ეს განპირობებული იყო იმ ბარიერებით მათ შორის, რაც 2024 წელს პარტიის მხრიდან შეიქმნა ამ თვალსაზრისითაც. როცა ჩვენ ვამბობთ აღნიშნულ ინიციატივას და ვამბობთ, რომ ეს არაკონსტიტუციური არის და საყოველთაობის პრინციპს ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, რეალურად, ამის სამართლებრივი გაგრძელება უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავა,” – ამბობს კონიაშვილი.

















