„ოცნება“ არჩევნების გაყალბებას „ნაციონალების“ მეთოდებით აპირებს“

14203417_1198741146816051_1121562638_oკახაბერ კორძაია სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს

 

იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც „თაიმერს“ სხვადასხვა წყარომ მოაწოდა, ჩნდება გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია 8 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აპირებს. უფრო მეტიც, გაყალბება შესაძლოა, იმ მეთოდით მოხდეს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდი ხანია, აპრობირებულია და რომელსაც ჯერ შევარდნაძის ხელუსუფლება იყენებდა და შემდეგ კი – „ნაციონალური მოძრაობა“. ეს, ერთი შეხედვით, გაცვეთილი თემაა, მაგრამ ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ ე.წ. „მიწერები“, ტრადიციულად აქტუალურია და 8 ოქტომბრის კენჭისყრაში, დიდი ალბათობით, მონაწილეობას გარდაცვლილებიც მიიღებენ.

ამ ყველაფრის თვალსაჩინოებისთვის, „თაიმერს“ კახაბერ კორძაიამ, რომელიც ვაკის მე-3 ოლქში კენჭს მაჟორიტარად „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრის, კონკრეტული მაგალითები მოაწოდა.

„არ ვიცი, სხვა ოლქებში რა ხდება, მაგრამ ვაკე 3-ში ჩემი შტაბის წევრებმა ერთი, ან ორი კი არა, ათობით კორპუსი აღმოაჩინეს, რომელიც, უბრალოდ, არ არსებობს, მაგრამ ეს კორპუსები თავისი მაცხოვრებლებით საარჩევნო სიაში არის შეტანილი,“ – განუცხადა „თაიმერს“ კახაბერ კორძაიამ.

კორძაიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაკე 3-ში, კერძოდ, 39-ე უბანზე საერთოდ არ არსებობს შემდეგი სახლის ნომრები და კორპუსები: #5ბ – 64; 66; 68; 70; 72; 74; 76; 78.

63-ე უბანზე ასევე, არ არსებობს # 14ბ – 41-43-45-47-49-62 და 16ა კორპუსი.

კახაბერ კორძაიას თქმით, არ არსებობს ქავთარაძის 53 და ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტლის 92-ე კორპუსი. ქავთარაძის ქუჩაზე კი არ არის 14, 41, 43, 45, 47, 49 და 62-ე ნომრები.

„ჩემი შტაბის წევრებმა და კოორდინატორებმა ეს მონაცემები რამდენჯერმე გადაამოწმეს, მაგრამ ჩემს მიერ დასახელებულ კორპუსებსა და ბინებს ვერსად მიაგნეს. არადა, ამ მისამართებით ხალხი ამომრჩევლის სიაშია რეგისტრირებული. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არსებობს დიდი ალბათობა, არჩევნების შედეგები გაყალბდეს. გაყალბება კი, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მხოლოდ ხელისუფლებას, ანუ იმ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ რესურს ფლობს. ისე, გულახდილად რომ ვთქვა, არ მეგონა, „ოცნება“ „ნაციონალების“ მეთოდით თუ შეეცდებოდა არჩევნების მოგებას,“ – ამბობს კორძაია.

შეგახსენებთ: ვაკე 3-ში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მომღერალი ზაზა ხუციშვილია, „ნაციონალების“ – პეტრე ცისკარიშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ – კახაბერ კორძაია, „რესპუბლკელების“ – ლევან ბერძენიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ კი – გია ნუცუბიძე.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლში რუსმა ოკუპანტებმა 17 წლის ბიჭი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები