ქართული ოცნების მტკიცებით, 1998 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ. მმართველი გუნდი ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის (OCCRP) განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება უშუალოდ ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე ჩატარდა და ორგანიზაციას არ განუცხადებია, რომ ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება რუსეთში. ამასთან, ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ რუსეთში ქონების ფლობა თავად ბიძინა ივანიშვილმა 11 წლის წინ გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.
ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია “ახლად აღმოჩენილ სკანდალად” გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.
ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს “საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე”, უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს” – აცხადებს ქართული ოცნება.
აი, ფაქტის, OCCRP-ს, iStories -ს (რუსეთი), GMC-ს, სტუდია მონიტორის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
პუბლიკაციაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში (სოკოლსა და ოდინცოვში) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელს ფლობს, რომლის ფართობიც 795.6 და 614.5 კვ.მ-ია.
გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს მოსკოვური ქონების ნაწილი 2013 წელს, პრემიერმინისტრის პოზიციაზე ყოფნისას, მხოლოდ ერთ დეკლარაციაში აქვს ასახული, თუმცა ქონების დიდი ნაწილის შეძენა 2021 და 2024 წელს, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე მოხდა.
2 კერძო სახლი მოსკოვში, $14.7 მლნ ღირებულებით – გამოძიება ივანიშვილის ოჯახის ქონებაზე
OCCRP-ს 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ქართული ოცნების პრესსამსახურმა “ცრუ ინფორმაციაზე აგებული” იმავე დღეს უწოდა.
მოგვიანებით, 14 აგვისტოს, გამომძიებელი ჟურნალისტების ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ გამოძიება ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა.
“ქართული ოცნების პრესსპიკერის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილს1998 წლის შემდეგ რუსეთში უძრავი ქონება არ შეუძენია, ხოლო გამოქვეყნებული გამოძიება ცრუ ინფორმაციაზე იყო აგებული.
მიუხედავად ამისა, OCCRP-ის, ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში არ უხსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება მოსკოვში – გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა.
ხვედელიძის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ქართულ მედია გამოცემებთან (აი, ფაქტი, სტუდია მონიტორი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, GMC) თანამშრომლობით ჩატარდა; მათ შორის იყო ერთ-ერთი რუსული გამოცემა (iStories), რომელიც საზღვარგარეთ ოპერირებს”. – წერია განცხადებაში.