ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ბადრა გუნბა რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში ადასტურებს, რომ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზა აშენდება, მაგრამ ამბობს, რომ ეს არა სამხედრო-საზღვაო, არამედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქნება.
ინტერვიუ მაისის ბოლოს არის ჩაწერილი:
“ალბათ მოგეხსენებათ, რომ საზღვაო ფლოტთან, შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით იგეგმება აფხაზეთში თანამშრომლობა, იხსნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ გავაფართოებთ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის… სამხედრო-საზღვაო ბაზა, როგორც ასეთი, არა, მაგრამ იგეგმება, მეტიც, კი არ იგეგმება, უკვე ხელმოწერილია შეთანხმება ოჩამჩირის რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენებასთან დაკავშირებით, სწორედ შავი ზღვის ფლოტისთვის.” – თქვა გუნბამ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) 2024 წლის ანგარიშში ვარაუდობდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში არა მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას, არამედ “საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალს” აშენებდა.