26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

NYT: ისრაელი და აშშ ირანზე განახლებული იერიშისთვის ემზადებიან- განიხილება სპეცრაზმის სახმელეთო ოპერაციაც

The New York Times-ი ორ ახლოაღმოსავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები, გასულ თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ირანზე განახლებული თავდასხმებისთვის ყველაზე ინტენსიურ მზადებას გადიან და მიზნად ისახავენ, მზადყოფნაში უკვე მომავალ კვირას იყვნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ოპერაციის ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებს სპეცრაზმელების (კომანდოსების) სახმელეთო დესანტირებას ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ბირთვული მასალების ამოსაღებად.

სამხედრო მაღალჩინოსნები Times-ს უცხადებენ, რომ მსგავსი კომპლექსური ოპერაცია მრავალი მსხვერპლის რისკს შეიცავს, ვინაიდან იგი საჭიროებს ათასობით დამხმარე ძალის მობილიზებას საოპერაციო ზონის გარშემო პერიმეტრის შესაქმნელად და, სავარაუდოდ, ირანის სახმელეთო ჯარებთან შეტაკებას გამოიწვევს.

ოფიციალური პირები ასევე დასძენენ, რომ ჯარები შესაძლოა გამოყენებულ იქნან კუნძულ ხარგის დასაპყრობად, რომელიც სპარსეთის ყურეში ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარ ჰაბს წარმოადგენს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, კიდევ ერთი ვარიანტი ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტების უფრო ინტენსიურ დაბომბვას მოიცავს.

როგორც სამხედრო და სხვა ისრაელელმა ლიდერებმა განაცხადეს, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ კამპანია აშშ-სთან ერთად იმ მიზნით წამოიწყო, რომ შეასუსტოს ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობები, თავიდან აიცილოს ირანისგან მომდინარე საფრთხეები — მათ შორის მისი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები — და „შექმნას პირობები“ ირანელი ხალხის მიერ რეჟიმის დასამხობად.

გასულ თვეში მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტამ ეს დეკლარირებული მიზნები შეუსრულებელი დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: “ოცნება” რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს წარმოადგენს, საქართველოს ღირებულებებით ვაჭრობენ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: ევროკავშირს დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად მივმართავ- იქნებ ხელისუფლებას შერცხვეს