ნუნუ მიცკევიჩი – წელს, კოვიდის დიაგნოზის მიზეზით, არც ერთი გამოსაცდელი პირი გამოცდიდან არ მოიხსნება

103-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აღნიშნა, 2021 წლის გამოცდებისათვის გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ როგორც გამოსაცდელებს, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართულ პირებს.

მისივე განცხადებით, 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილი იქნება 25 საგამოცდო ცენტრი ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება სპეციალურად მოწყობილი სივრცეებით და ეყოლება ექიმი.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

„თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა. კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. ცენტრს წელსაც აქვს მოწყობილი სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამიტომ ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მოსვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არა უადრეს 14 დღისა”,- აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„წელს კოვიდის დიაგნოზის მიზეზით არცერთი გამოსაცდელი პირი, მათ შორის, აბიტურიენტები, სტუდენტები, მაგისტრანტობის მაძიებლები და მასწავლებლები გამოცდიდან არ მოიხსნებიან. ხოლო პირებს, ვისაც საგამოცდო ცენტრში დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, თუმცა არ ექნებათ თან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, სპეციალურ სივრცეში განთავსდებიან”,- განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას – ვიწყებთ პანდემიასთნ ბრძოლის ახალ ეტაპს
შემდეგი სტატიასაქსტატი – მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა