,,ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს”

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან დიდი მიღწევა და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქციებს აწყობენ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემა არის ბევრად უკეთესი იმ სისტემაზე, რომელიც დღეს გვაქვს და ეს არის ძალიან კარგი. ცხადია, ვენეციის კომისია საუბრობს საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომელიც სამ პროცენტს გულისხმობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არის ნულპროცენტიანი ბარიერი. ყველაზე დიდი რისკი იქნება ის, თუ როგორ მოახერხებს უკვე ახალი პარლამენტი, სადაც ბევრი პარტია იქნება წარმოდგენილი, ჩამოაყალიბოს მთავრობა. ეს არის იმ რისკებს შორის, რომელიც ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით განიხილება ხოლმე“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე სამართალდამცველი დაკავებულს ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს – შსს-ს განმარტება
შემდეგი სტატიამიწისძვრა თბილისში – ეპიცენტრი ვაკე–საბურთალოს რაიონია