ნულოვანი ბარიერი არ არსებობს, პროპორციული არჩევნები საზოგადოების დაკვეთაა – სალაძე

ნულოვანი ბარიერი, როგორც ივანიშვილმა დააანონსა, ასეთი რამ არ არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ერთ ხმა მიიღებს, ავტომატურად მოხვდება პარლამენტში – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით აცხადებს. სალაძის თქმით, პროპორციული არჩევნების დადებითი მხარე არის ის, რომ ის ზუსტად გამოხატავს ამომრჩევლის განწყობას საკანონმდებლო ორგანოში. მეორეს მხრივ, ეს ძალიან ზრდის იმის ალბათობას, რომ პარტიას, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, შეიძლება მაინც დასჭირდეს კოალიციის ფორმირება.

,,ნულოვანი ბარიერი, როგორც ივანიშვილმა დააანონსა, ასეთი რამ არ არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ერთ ხმა მიიღებს, ავტომატურად მოხვდება პარლამენტში, რადგან 150 ადგილი გვაქვს პარლამენტში, შესაბამისად, უნდა დაითვალოს ერთი ადგილი რამდენი ხმის მოპოვებას საჭიროებს. ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით, კოალიციური მთავრობა უფრო საინტერესო შეიძლება იყოს საქართველოსთვის, რადგან კოალიციაში მყოფ პარტიებს გარკვეული ტიპის დათმობები მოუწევთ საერთო საკითხებზე შესათანხმებლად. ეს პროცესი საინტერესოა ასევე ორი ფაქტორით, პირველი, – გააჩნია რამდენ მანდატს მიიღებს მაგალითად „ქართული ოცნება“. თუ მმართველ პარტიას მთავრობის ფორმირებისთვის დააკლდება, პირობითად, 5, 7 ან მაქსიმუმ 10 ხმა, მაშინ შესაძლოა, რომ მმართველმა პარტიამ აქცენტი გააკეთოს ისეთ სუბიექტებზე, რომლებიც ერთი ან ორი წარმომადგენლით შევლენ პარლამენტში. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ მმართველ პარტიას დააკლდება 20 ან 30 ხმა, მთავრობის ფორმირებისთვის მაშინ ალბათ აქცენტს უფრო დიდ პარტიებზე გააკეთებს“,- ამბობს სალაძე.

სალაძის აზრით, საეჭვოა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კოალიციაში შევიდნენ, „მაგრამ ამას გვიჩვენებს დრო“.

„ახლა ჩვენ არ ვიცით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიები როგორ მიიღებენ მონაწილეობას, ამას დროის დინამიკაში დავინახავთ. მთავარი რაც არის, ეს მოდელი ზოგადად ამომრჩევლის განწყობას აჩვენებს საკანონმდებლო ორგანოში. ფაქტია, რომ პროპორციული სისტემა ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, ეს იყო 20 ივნისის მოვლენებამდე დღის წესრიგის ნაწილი და ამ აქციების ერთ-ერთი მოთხოვნაც არის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, რისი შედეგებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა ვნახოთ“.

სალაძის თქმით, ახლა ყველა პარტიამ ღიად და მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და საარჩევნო კამპანიაც განსხვავებულად უნდა აწარმოოს.

„ის ამომრჩეველი, რომელიც არ მიდიოდა არჩევნებზე იმის გამო, რომ მის მიერ მიცემული ხმა იკარგებოდა, ახლა შანსი ჩნდება და თითოეული ამომრჩევლის მისვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო უბანთან. ფაქტია, რომ პროპორციული სისტემა ეს იყო საზოგადოების დაკვეთა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან კარგი, თუმცა ნულოვანი ბარიერის ირგვლივ გარკვეული დისკუები მაინც იქნება“ – ამბობს სულხან სალაძე.

banner
წინა სტატიაშიმოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე – ზაზა ოქუაშვილის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ბარიერის მოხსნა არის სრული ქაოსის ინსპირაცია