ნუკრი ქანთარია უქმე დღეებიდან 8 მარტის ამოღებას და 14 მაისის სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ინიციატივით გამოდის, თამარ მეფის ხსენების დღე, 14 მაისი სამშობლოს დღედ გამოცხადდეს.

დეპუტატმა შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ მოამზადა, რომლის ინიცირებაც, 6 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უქმე დღეების ჩამონათვალიდან 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე უნდა იყოს ამოღებული. ასევე პროექტში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 2020 წლის პირველ მარტამდე და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს 14 მაისი – „სამშობლოს დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, როცა განელებულია პატრიოტული სულისკვეთება და ქვეყნის ისტორიისადმი ცოდნის ინტერესი, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული მუხტის კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებების წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაციისათვის. თამარის მეფობის წლები საქართველოს ოქროს ხანად არის აღიარებული. ამ ისტორიულ ეპოქას სათავე დაუდო დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა. დიდგორის ბრძოლა იყო გარდამტეხი საქართველოს გაერთიანების გზაზე და ქართული სახელმწიფოს აღმავლობის საფუძველი. ამ ბრწყინვალე მიღწევების „სამშობლოს დღესთან“ დაკავშირება და მისი აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. თამარის ხსენების დღე – 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად, სამშობლოს დღედ უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ“, – აღნიშნულია კანონპროექტში

banner
წინა სტატიაში“ეს არის ენერგიული, გაბრაზებული კაცის ნათქვამი, ნუ ჩავეჭიდებით” – მეუფე ანტონი მეუფე იობის განცხადებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი: ლიბერალური ღირებულებები ინდივიდუალიზმისა და ეგოიზმის ფეტიშიზმია