ნუკრი ქანთარია : გიორგი გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, გიორგი გახარია ის კაცი არ არის, რომელიც სკამს ებღაუჭება.

„მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული და იმ ტვირთსაც გრძნობს, რაც დაზარალების თვალსაზრისით მოხდა. მას მაქსიმალურად უნდა, რომ საქმე იმ ეტაპამდე მიიყვანოს, როცა მტყუან-მართალი გამოკვეთილი იქნება. ნამდვილად არ არის ისე, რომ ეს იყოს სისტემური დავალება, რომ ბოლომდე ჩახოცეთ, ჩაკალით, ისე გააკეთეთ, რომ მეორედ აღარ ჰქონდეთ პროტესტის სურვილი. დარწმუნებული ვარ, ასეთი დავალებები გაცემული არ იყო წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. გიორგი გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, თუ ისინი სხვას უმიზნებდნენ და სხვას მოხვდა. ვერ ასწავლის, რადგან მისი საქმე არ არის. ეს სხვა საქმეა და ამ თვალსაზრისით ცალკეული პირები უნდა გამოიკვეთონ, ვისაც ეს გადაცდომა მოუვიდა და რის გამოც გამოსაძიებელია. კერძოდ, ნადირობის წყურვილი საიდან მოვიდა, რა ფსიქოლოგიური პროტოტიპებისგან შედგებოდა ეს ხალხი, შემთხვევით მოხვდა, თუ განგებით, ეს არის გამოსაკვლევი. არ ვიცი, რა კატეგორიის ტყვიებია, მაგრამ როგორც გუშინ აღნიშნა, ეს არის 2012 წლის აგვისტოში შეძენილი ტყვიები. გახარია ამის ექსპერტიზას ვერ ჩაატარებდა, იკითხა, ტყვიები გვაქვს, უთხრეს, გვაქვს. პოლიცია სამი საათი ითმენდა და როცა შეიმჩნიეს, რომ კორდონი ირღვეოდა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. დაშლა როგორ განხორციელდა, გამოძიების საგანი ეს არის. გიორგი გახარია არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს. ახალგაზრდების სურვილი ერთია, რომ მათი მეგობრები დაზარალდნენ და თვალის სინათლე დაკარგეს, მაგრამ ამ ტალღას პარტიები ასხედან. ეს არი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვისაც ყველაფერი საბაბია, სინამდვილეში კი, უნდათ, პოლიცია დასუსტდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : საქართველო არც საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, არც საგარეო ასპარეზზე არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი
შემდეგი სტატიაპრემიერმა მთავრობის სხდომა 14 : 00 საათზე დანიშნა