ნუგზარ წიკლაური “რ2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს ,,სინდისის პატიმრებს” უწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ პირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან. წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ხელისუფლება ფულს ხარჯავს გარკვეული ჯგუფების დასაქირავებლად, რომლებიც შემდგომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებს არბევენ, ხოლო წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებენ.

“კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო “სინდისის პატიმრების” – მირიამ დეისაძის, ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას საქმეზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები გამოგონილი ბრალდებით არიან დაპატიმრებულები და მათ იმის მეთადეიც კი არ გაუკეთებიათ, რისთვისაც სხვა შემთხვევაში პატიმრობა არ იყო მოთხოვნილი.

საქმე გვაქვს სრულიად აშკარა შერჩევით პატიმრობასთან. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრები, არამედ ისინი, ვინც თავიანთი აზრის გამოხატვის გამო დააპატიმრეს.

მინდა გაგახსენოთ ჩვენი უახლესი პოლიტიკური წარსულის ის ფაქტები, როცა “ქართული ოცნების” დავალებით, სხვადასხვა ჯგუფეი თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, ჩვენს კოლეგებს, ეს იყო სრულიად აშკარა, ამორალური თავდასხმები, თუმცა მათ მიმართ არანაირი ზომები არ გატარებულა. ასეთ ვითარებაში, დეისაძის, გაბუნიასა და დეისაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის ძალიან მძიმე და ის რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ფაქტები მიუთითებს შერჩევით სამართალზე, რის გამოც ევროპარლამენტისა და სხვა საერთაშორისო ტრიბუნებიდან ჩვენს მიმართ მზარდი კრიტიკა ისმის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდიოზური საქმეებისთვის დიდი თანხები იხარჯება. ასეულობით ადამიანი იქნა მობილიზებული რაიონებში ამ უკეთური მიზნის შესასრულებად, რათა დაენგრიათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ოპოზიციური პარტიის ოფისებისა და წარმომადგენებლისათვის. მაშინ, როდესაც ხელისუფლება თანხებს ვერ პოულობს პენსიის 50 ლარით გაზრდისთვის, ის თანხებს ასეთი ადამიანების დაქირავებისთვის ხარჯავს.” – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში,,ძლიერი შოკის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილიზაციის ნიშნებს იჩენს”
შემდეგი სტატია,,ესაა ფაქტი, რომელიც შევარდნაძის შემდეგ არ გვსმენია”- ხერხეულიძე ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება