11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ნუგზარ წიკლაური: ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის უშიშროების სფეროში მინისტრების ხშირი როტაცია, მიუთითებს სისტემის არასტაბილურობაზე

ხელისუფლება უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უხსნიდეს ამა თუ იმ ცვლილების არსს – „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ არ თვლის, უფრო მეტიც, არც იციან რატომ მოხდა ეს გადანაცვლება,- აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური.

მისი განცხადებით, ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის უშიშროების სფეროში მინისტრების ხშირი როტაცია, მიუთითებს სისტემის არასტაბილურობაზე.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია ამ ცვლილებების მიზეზების შესახებ, რაც გამჭვირვალობის ნაკლებობაზე მეტყველებს.

„რეჟიმი არ არის სტაბილური. ის, რომ უშიშროების მინისტრი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მესამედ იცვლება, ეს ძალიან კარგად მიუთითებს რეჟიმის რყევაზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არავინ გვეუბნება რა მიზეზით გადააყენეს მდინარაძე და საერთოდ რატომ განხორციელდა ეს ცვლილებები. ვნახეთ, რომ ელვისებური კარიერა გაიკეთა, [მამუკა მდინარაძე] ლეიტენანტიდან გახდა გენერალ-მაიორი. თუ ასეთი წარმატებული იყო, რატომ არ აგრძელებს სუს-ში საქმიანობას. ხელისუფლება უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უხსნიდეს ამა თუ იმ ცვლილების არსს. „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ არ თვლის, უფრო მეტიც, არც იციან რატომ მოხდა ეს გადანაცვლება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც როგორც ყოველთვის უკავშირდება საკუთარი უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შესაძლოა, ეს მიმართული იყოს კობახიძის წინააღმდეგ. თუმცა არ ვიცით რა ხდება კულუარებში, რომელსაც დიქტატორი მართავს“, – განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიირანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს მიყიდვას კრძალავს