ნუგზარ ტატალაშვილი თბილისის გრან პრის ჩემპიონია

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა, სადაც მედლებისთვის 4 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოდნენ.

 

ვაჟებმა საუკეთესოები 73 და 81, ხოლო ქალებმა 63 და 70 კილოში გამოავლინეს. შეჯიბრებაში 9 ქართველი ძიუდოისტი ჩაება, 8 ვაჟი და ერთი გოგონა – საქართველოს სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი ესტერ სტამი, ვინც პირველივე წრეში ებრაელ ლიორ ვინდიკანთან შებოჭვაზე მოჰყვა და ბრძოლას გამოეთიშა. ვაჟებიდან მედლისთვის 5 კაცი იბრძოდა და მათგან 4-მა მედალი დაისაკუთრა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 73 კილოს მედალოსნები თითქმის მთლიანად ქართველებით დაკომპლექტდა. ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა, რომელმაც მონღოლი ოდბაიარ განბაატარი შეხვედრის ბოლოს გატეხა და ჯერ ვაზარი აუღო, მერე კი ბოჭვაზეც დაიჭირა. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან გამართა და ულამაზესი გდებით დააიპონა.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ფრიდონ გიგანმაც და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს ბოლო წამებზე აღებული ვაზარით აჯობა.
81 კილოში ფინალში გასული ლევან გუგავა რუს ალან ხუბეცოვთან თავის დაწყებულ ილეთზე წამოეგო და იპონით წააგო.
ამ წონაში  ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ზებედა რეხვიაშვილი ბერძენ რომან მაუსტოპულოსს დაუპირისპირდა და გაფრთხილებით უგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე ენერგიისგან დაცლილმა იპონი გაუშვა და მედალი მეტოქეს დაუთმო.
საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერობს.
banner
წინა სტატიაში“ევა ბარბაქაძე გონზე იყო, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო, სედაციის ქვეშ არის”
შემდეგი სტატიასირიის არმიამ პალმირა გაანთავისუფლა