“ნუგზარ ბოჭორიშვილი “რესპუბლიკელების” წევრი იყო, მაგრამ მისი დამნაშავედ ცნობა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა”

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ე.წ. კოკაინის საქმეში ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ნამდვილად იყო, მაგრამ მისი დამნაშავედ ცნობა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “რესპუბლიკური პარტია” ბოჭორიშვილს პოლიტიკურ პატიმრად ვერ მიიჩნევდა.
“ის არ დასჯილა და არ ყოფილა კანონის ინტერესის საგანი იმის გამო, რომ ის პარტიის წევრი იყო. “რესპუბლიკელობა” აქ არაფერ შუაშია. თუკი გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, პროკურატურამ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, ნუგზარ ბოჭორიშვილი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო, როცა მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა.
“ნუგზარ ბოჭორიშვილი იმ ეტაპზე და იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო. ეს ცნობა და ეს დოკუმენტი არსებობდა. ეს საქმეშიც დევს, რაც თავად “რესპუბლიკურმა პარტიამ” გასცა და მას ჰქონდა მოთხოვნა, როგორც პარტიის წევრს, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო. საქმის განხილვა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ამ ხალხის საქმე არ მოხვედრილა”, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში დადგამენ შოთა რუსთაველის ბიუსტს
შემდეგი სტატიამთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად 220 450 ლარი გამოყო