პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი გორში მომხდარ ხმაურიან ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც სამართალდამცავები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წულუკიანის განცხადებით, ინტერნეტში გავრცელებული კადრები „საზარელი სანახავი იყო“, თუმცა მან პოლიციელებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა „ჩასაფრებულ მტრებს“ კრიტიკის საფუძველი არ მისცენ.
ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელების აბსოლუტური უმრავლესობა მოვალეობას კანონის ფარგლებში ასრულებს და გორში მყოფ 6 სამართალდამცავს საყვედურით მიმართა.
„გაუხარდათ გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ ექვს პოლიციელს მინდა ვუსაყვედურო — თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო. თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და მათი აზრით, თქვენ უნდა დაზიანდეთ. ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს“, — განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში.
შეგახსენებთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, 6 სამართალდამცავი უკვე დაკავებულია. მათ ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით წარედგინებათ, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც, პოლიციელზე შესაძლო ძალადობის მუხლით.
















