” ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას რუსული ნარატივით ღვინოსა და ტაშ-ფანდურზე, ეს არ გეკადრებათ!”

preview_fvg4vf_ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტი ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის ვიდეომიმართვას ეხმაურება.

“ყურადღებით გავეცანი ბატონო განაპოლსკის ვიდეომიმართვის ტრანსკრიპტს. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ემოციური და პატრიუოტული სულისკვეთებით გაკეთებული განცხადება სწორედ რომ უკრაინისა და საქართველოს, ჩვენი ხალხების ინტერესებს ვნებს.

პირველი ვიყავი, ვინც ქართული დელეგაციის საქციელი გაახმოვანა და მკაცრად გააკრიტიკა. დიდი ხანია, იმასაც ვამბობ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩიხშია შესული და პერმანენტულად სახეზეა უხეში და უპატიებელი შეცდომები და გადაცდომები. ამას ბევრი მიზეზი აქვს და შესაძლებელია ის არგუმენტები რასაც იშველიებს ბატონი განაპოლსკი არ იყოს სავსებით უსაფუძვლო. ყოველ შემთხვევაში, ამ არგუმენტაციის მოყვანა საღ აზრს მოკლებული და მარტო ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ არის.

მაგრამ, ბატონი განაპოლსკის გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი არის მიუღებელი და სწორედ კრემლის წისქვილზე ასხავს წყალს. ასეთი შეცდომა ქართველებს არ დაგვიშვია მაშინაც, როდესაც უკრაინას იანუკოვიჩი მართავდა და მრავლად იყო შემთხევვები, როდესაც ჩვენც ობიექტურად განაწყენებული ვიყავით კიევის პოზიციებით. მახსოვს, 2011 წლის ევროპის საბჭოს სტამბოლის მინისტერიალზე, როდესაც უკრაინა იბარებდა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას თურქეთისგან და როდესაც საქართველოს დიპლომატიას მოუწია უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ გარკვეულწილად სარისკო ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე, კიევმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, მაშინ როდესაც როგორც მომავალ თავმჯდომარეს შეეეძლო ბევრად უფრო ეფექტურად დაგვგდომოდა გვერდში. ჩვენ სტამბოლში დიპლომატიური ბრძოლა მოვიგეთ, ისევე როგორც სამი დღის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინამ მოახერხა რეზოლუციების მიღება. მაგრამ, ჩვენ არც შეურაცხყოფა მიგვიყენებია უკრაინელი ხალხისთვის და არც ჩვენს კოლეგებს გავებუტეთ.

ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, უკრაინის ერთ-ერთმა წარმატებულმა დიპლომატმა და უკრაინის უდიდესმა პატრიოტმა, რომელიც თან ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაცია) საგანგებო დავალებათა ელჩია და თან უკრაინის პოზიციებს იცავს მინსკის მოლაპარაკებებში, ასევე გამოხატა სინანული ქართული დელეგაციის პოზიციის გამო. მაგრამ, იმით დაასრულა, რომ “მან იცის როგორ მოიქცეოდა გიორგი (ქართველი გმირი, რომლის ცხედარიც რამდენიმე თვის წინ შიროკინოდან გამოიტანა სწორედ მან), იცის თუ როგორ ხმას დააფიქსირებდა ქართველი ხალხი. საქართველო – ჩვენ გვიყვარხარ და გვესმის, რომ მოსკოვის ფული და კრემლის ინტრიგები ვერ დაარღვევენ ჩვენს ძმობას”.

ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენს ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს. ეს ჩვენი საქმეა. ბევრი ჩვენთაგანი იდგა მაიდანზე სხვადასხვა დროს. მაიდანზეც ვიყავი ხანმოკლედ და ჩემი საქმიანობისას მუდამ მაქსიმალურად ვიცავდი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს. ჩვენი ძმები და დები დღეს იბრძვიან ჩვენს უკრაინელ ძმებთად და დებთან ერთად რუს ოკუპანტთან. ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას რუსული ნარატივით ღვინოსა და ტაშ-ფანდურზე. ეს არ გეკადრებათ!

მე მესმის ბატონი განაპოლსის ემოციები, მაგრამ არ ვიღებ მის პათოსს. ყველა ჩვენთაგანს მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება, როდესაც საქმე ჩვენი სახელმწიფოების მომავალს ეხება.

უკრაინელი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი ვიდეო-მიმართვას „საქართველომ უკრაინა გაყიდა“ ავრცელებს.

„წარმოუდგენელი რამ მოხდა – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველომ ხმა არ მისცა, კენჭი არ უყარა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ აგრესიას აღიარებდა აღმოსავლეთ უკრაინაში და რომლითაც ყირიმი და დონბასი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა და სადაც ამ ტერიტორიებიდან რუსეთს გასვლას ითხოვდნენ.

ხმა არ მისცეს. მხარი არ დაუჭირეს.

ითვლება, რომ ეს საქართველოს არაოფიციალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, რომელზეც ამბობენ, რომ „გაზპრომის“ ერთ-ერთი აქციონერია. ნამდვილად, “გაზპრომის” მეწილე იყო და შენს დელეგაციას უფლება მისცე რუსეთის წინააღმდეგ ხმა მისცეს, უცნაური იქნებოდა.

ასე რომ, ივანიშვილი ლოგიკურად, როცა უკრაინა გადააგდო, მართალი იყო, მაგრამ არის სხვა ლოგიკაც, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია.

მაშ ასე, როცა ქართველისგან გესმის ის, რომ უკრაინელი მისი საუკეთესო მეგობარია, იცოდეთ, რომ ეს ტყუილია. როცა საქართველოში მიდიხართ და თეფშზე ხაჭაპურს დაგიდებენ და ჭიქაში დაგისხამენ ღვინოს და ხალხთა ერთობაზე როცა გიყვებიან, გახსოვდეთ, რომ მათ მხოლოდ თქვენი ფული სჭირდებათ. მეტი არაფერი. მათ თქვენი ფული უნდათ, ისევე, როგორც „ბორჯომისთვის“, რომელიც საქართველოში თეთრები ღირს, უცხოეთში კი ისეთი ძვირი ღირს, როგორც ელიტური წყალი.

არ არის წართმეული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტზე არსებობს. აგრესორის ყველა შეურაცხყოფა, დავიწყებულია.

ახლა საქართველოს დოქტრინა მარტივია – არ გაანაწყენოს რუსეთი და ივაჭროს იმითი, რასაც საუკუნეები აკეთებდა – ღვინოთი, მზის ჩასვლებით და სიმღერებით.

კიდევ, უნდათ ევროპა და ნატო. ეს როგორ ხდება, ევროპის სურვილი, თუკი აგრესორს აგრესორს არ უწოდებ და ოკუპაციას ოკუპაციად არ აღიარებ. მაგრამ ეს დღევანდელი საქართველოა.

ასე რომ, თუკი საქართველოში ჩახვალთ და ჯადოსნული ქართული მრავალხმიანობით მეგობრობაზე გიმღერებენ სიმღერას, ქართველებს უთხარით მარტივი ფრაზა: „გაიწიე, გენაცვალე“ – აცხადებს განაპოლსკი მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ტელევიზიის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა თავი აიფეთქა
შემდეგი სტატიაზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ჰაერიდან გრძელდება- თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი