“ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ…ეს ადამიანები აუცილებლად გამოიყენებენ სისტემას თქვენს წინააღმდეგ”- კახიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძე პარლამენტის ღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე ისაუბრა. კახიძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს პრობლემა, “ახალ სიმაღლეზე აიყვანა”. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ჩანაწერებს პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად იყენებს.

“ჩაწერები, უკანონო თვალთვალი, ეს იყო პრობლემა და 7 წლის განმავლობაში ეს პრობლემა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეთ. გარდა იმისა, რომ რუტინულად გრძელდება უკანონო თვალთვალი და მიყურადება, ამის დასადასტურებლად რამდენიმე ცნობილი ჟურალისტის შემთხვევაც კმარა, ეს პრაქტიკა გრძელდება, მაგრამ ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ, რადგან სისტემურ პრობლემად იქცა უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნება, მათი გავრცელება და ამის გამოყენება პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად. მე გთხოვთ, ნუ შეხედავთ ამ საკითხს იმ კუთხით, რომ დღეს ხართ ხელისუფლებაში, სარგებლობთ ივანიშვილის სიმპათიით და ეს არ შეგეხებათ, ეს არის ბოროტება, ეს არის საკითხი, რომელზეც არ შეიძლება, რომ თვალი დახუჭოს ვინმემ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა.” განაცხადა კახიძემ.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება:

“მეორე საკითხი ეხება სასამართლოს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, ნაცვლად იმისა, რომ გამოგესწორებინათ მდგომარეობა, გადაიბარეთ და საკუთარ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებინებთ. მეტიც, ამ ადამიანებს უვადოთ ამწესებთ უზენაეს სასამართლოში. მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ეს ადამიანები აუცილებლად კვლავ გამოიყენებენ სისტემას თქვენს წინააღმდეგ, გამოფხიზლდით და პრობლემებს გაუსწორეთ თვალი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება – ესკალატორების ტექნიკური ხარვეზი
შემდეგი სტატიამთავარი კითხვები მაქვს შსს-სა და სუს-ის მიმართ – ბესელია