“ნუ გავაკეთებთ ისე, რომ 31 ოქტომბერს ისეთ საქართველოში გავიღვიძოთ, როგორიც შავ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია”

მაღალი პროცენტები, რომლებიც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა მივიღეთ, მხოლოდ დათვურ სამსახურს გვიწევს, რადგან ჩვენს კონკურენტებთან ერთად, პრაქტიკულად, ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, – განაცხადა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ გადაცემა 2030-ში.

„ჩემს შემთხვევაში, სასტარტო პირობები, რა თქმა უნდა, ერთნაირი გვაქვს, მაგრამ ჩემი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეულის წევრი და შესაბამისად, უკვე პარლამენტის წევრია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან აქტიური მხარდამჭერი ჰყავს და როგორც წესი, სახელისუფლებო ელექტორატი უფრო ინერტულია, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხელისუფლება გამარჯვებას მაინც მოახერხებს. ეს ასე არ გახლავთ და თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია. მოქალაქეებმა არჩევნებზე მოსვლა არ უნდა დაიზარონ, რათა დამსახურებული გამარჯვება ხელიდან არ გაუშვან“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისის რაიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„კრწანისის რაიონის და ზოგადად, ძველი თბილისის სპეციფიკიდან გამომდინარე, მე მაქვს ხედვები, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი სიამაყე – კულტურული მემკვიდრეობა. ამავე დროს, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ მყისიერი დახმარება, რომ მათთვის იქ ცხოვრება პრობლემური არ იყოს. პრობლემური საკითხები უამრავია და როცა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ, მეღიმება, რადგან ჩვენ ვგეგმავთ, პარლამენტში შესვლისთანავე ძალიან ენერგიულად შევუტიოთ როგორც კონკრეტული ადამიანების პრობლემებს, ასევე – გლობალურ პრობლემებს“, – განაცხადა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ დაწყებული კამპანია ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია.

„ეს ჩვეულებრივი ხაფანგია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას შესთავაზა ორბანქოიანი თამაში, სადაც მხოლოდ ბანქოს ერთ ქაღალდს აჩვენებენ. ამ ქაღალდზე წერია არა „ქართულ ოცნებას“ . 31 ოქტომბერს კი, ისინი მზად არიან, მეორე ქაღალდი ამოატრიალონ, სადაც წერია – არა „ქართულ ოცნებას“ , კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ , არა საკონსტიტუციო უმრავლესობას და მეტი მანდატი და ძალაუფლება „ნაციონალურ მოძრაობას““, – განაცხადა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ ამომრჩეველსაც მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მომხრეების მიერ შეთავაზებულ არითმეტიკას არ დაუჯერონ.

„ჯერ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 67 მანდატი აქვს და უბრალო უმრავლესობამდე 8 მანდატი აკლია. ასე რომ, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ 31 ოქტომბერს ისეთ საქართველოში გავიღვიძოთ, როგორიც შავ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშისარფის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლა აღდგა
შემდეგი სტატიათურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება