ნუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს ჩვენი ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და დაბომბილი დავინახო – რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით – ელისაშვილი

ჩვენ გვაქვს ისეთი საბჭოთა „ჯართი“ ტექნიკა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ასეთი შეიარაღება გადავცეთ უკრაინას და ხეირიც ვნახოთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინელების და უკრაინის ხელისუფლების თავგანწირვით მადლიერები უნდა ვიყოთ, ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან ლანძღვას და აგდებულ ლაპარაკს, თუნდაც ზელენსკიზე, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის „თავი გადადო“.

„ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული მოსასმენი იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ჩვენ რუსეთს რაღაცაში ვეთანხმებით, ამას მტკიცებულება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ის ხალხი არის ბრძოლაში ჩართული და ბავშვები ეღუპებათ, სახლ-კარი არ აქვს ათიათასობით ადამიანს. თუნდაც შეეშალოთ, ის პასუხები პასუხები იყო რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმოდა? ის ხალხი ჩვენ მაგივრად იბრძვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ნუთუ ეს არ გესმით?

ჩვენ გვაქვს ისეთი საბჭოთა „ჯართი“ ტექნიკა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ასეთი შეიარაღება გადავცეთ უკრაინას და ხეირიც ვნახოთ, ჩვენს მეგობარს ბრძოლაში დავეხმარებით და სანაცვლოდ მოგვცემენ უკეთესს. ნუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს ჩვენი ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და საქართველო დაბომბილი დავინახო, მაგრამ ჩვენი ნაწარმოები ჩაფხუტი, ჯავშანჟილეტი ან საევაკუაციო მანქანა რომ მივცეთ ეს ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ? რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუ ოპოზიცია ამბობს, რომ აშშ-ს საელჩომ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან ამორიცხა, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მოუხდენია – მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ რეალურია – დავითულიანი
შემდეგი სტატიატეხასის სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს