ნორვეგიულ-ფინურმა საბრძოლო მასალის მწარმოებელმა Nammo-მ გადაწყვიტა, შვედეთში მდებარე ობიექტზე 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაერთოს, რათა უკრაინაში იარაღის გაგზავნის შეკვეთა მალე შეასრულოს, – იუწყება შვედური გამოცემა Dagens Nyheter.
კერძოდ, საუბარია შვედეთის ქალაქ კარლსკუგაში არსებულ ქარხანაზე, რომელიც აწარმოებს 155 მმ-იან საბრძოლო მასალას და რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ უკრაინაში. ამ ქარხანაში დაინერგა ხუთცვლიანი წარმოება, კვირაში შვიდი დღე, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის 24 საათის განმავლობაში წარმოებას.
Nammo-ს ვიცე-პრეზიდენტი ბიორნ ანდერსონი დარწმუნებულია, რომ კომპანია მიმდინარე წლის ბოლოს ორჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწაროებს, ვიდრე 2022 წლის დასაწყისში აწარმოებდა.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაოების გააქტიურების მიუხედავად, სიმძლავრეები მაინც არ არის საკმარისი, რომ დაფაროს ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის მოთხოვნა და შეავსოს ევროპის ქვეყნების ამოწურული მარაგი, თუმცა ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი წურვის დასამზადებლად მხოლოდ პერსონალის გაზრდა და ქარხნის გაფართოება საკმარისი არ არის. მიწოდების გასაზრდელად Nammo-ს სჭირდება ძალისხმევა რამდენიმე ქვეყანაში, სადაც კომპონენტები იწარმოება.
კერძოდ, ჭურვის გარსაცმები იწარმოება, მაგალითად, ნორვეგიასა და ფინეთში. ასაფეთქებელი ნივთიერების ერთ-ერთი ბრენდი კი პოლონეთშია, თუმცა დენთის და ასაფეთქებელი ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იქვე, იმავე ქალაქში, კომპანია Eurenco-ს ობიექტებში იწარმოება. Eurenco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ რიდენმა თქვა, რომ მისი კომპანია ასევე გადავიდა ფეთქებადი ნივთიერებების წარმოების 24-საათიან გრაფიკზე და გეგმავს წარმოების რადიკალურად გაფართოებას მწირი რესურსის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
Försvarets materielverk-ის გენერალური დირექტორის, იორან მარტენსონის თქმით, რომელიც საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდის მიზნით სკანდინავიურ პროექტს ხელმძღვანელობს, ერთი თანამედროვე 155 მმ-იანი ჭურვის ღირებულება 85 000 კრონა, ანუ 8000 დოლარია.