ნორმა, რომლითაც “რუსთავი 2-ში” დროებითი მმართველები დაინიშნენ საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს პირველმა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. კურიერის კორესპონდენტი ამ წუთებში სასამართლოში იმყოფება და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლიის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

სასამართლო განხილვის დროს, ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მათ საფუძველზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის არც სახე, არც ინტენსივობა და არც შინაარსი კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული, მათ შორის, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე, ისე რომ ჯერ კიდევ ძალაში არ იყოს შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

სარჩელის წარმოებაში მიღებამდე საკონსტიტიციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომაზე მოუსმინეს ექსპერტ გია ლილუაშვილს.

banner
წინა სტატიაშისამგორის გამგეობის ტენდერი, ადამიანებისთვის ვინც მათი ვარაუდით მალე გარდაიცვლებიან
შემდეგი სტატიაჯვარი-მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა