ნორა კვიციანი: გუბაზ სანიკიძე ირაკლი ოქრუაშვილს შეეკრა და ნათელ-მირონს უღალატა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 10:24

ნორა კვიციანი: გუბაზ სანიკიძე ირაკლი ოქრუაშვილს შეეკრა და ნათელ-მირონს უღალატა

ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. მიაჩნდა, რომ სანამ კოდორის ამბები არ იქნებოდა გამოძიებული, თავდაცვის ყოფილ მინისტრს პოლიტიკური აქტიურობის უფლება არ ჰქონდა.
რაში გამოიხატება გუბაზ სანიკიძის დანაშაული, რატომ არა აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება ოქრუაშვილს? – ამის შესახებ ნორა კვიციანი “ახალ თაობას” ესაუბრება.

_ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს, კარგად იცი, ისიც კარგად იცი, რა საშინელება დამართა ამ ადამიანმა ჩემს ოჯახს. ჩემთვის იოლი სანახავი არ იყო იმის ყურება, თუ როგორ ცდილობდა ეს ადამიანი პოლიტიკაში დაბრუნებას. ამის მიუხედავად, ჩუმად ვიყავი და ხმა არ ამომიღია, მის გარდა, სხვა ბევრი დამნაშავეა დღეს პოლიტიკაში.
არც ახლა ამოვიღებდი ხმას, მაგრამ როცა გავიგე, რომ გუბაზ სანიკიძე მის გვერდით დადგა, წყობიდან გამოვედი, გული მეტკინა, ყველაფერზე წარმოდგენა დამეკარგა და გადავწყვიტე, ხმამაღლა მეთქვა იმ ტკივილის შესახებ, რაც ამ ამბის გაგებამ განმაცდევინა.
გუბაზ სანიკიძე არის ჩემი ძმის, ემზარის, ბავშვის ნათლია. იმ კაცის ბავშვის ნათლიაა, რომლის ლიკვიდაციის ბრძანებაც ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა. აი, ამ ადამიანს შეეკრა გუბაზი. ამ ინფორმაციის გაგებამ დამანგრია და გამანადგურა.
_ რომელი ბავშვის ნათლიაა?
_ უმცროსის. გაბრიელა გუბაზმა მონათლა. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გუბაზი იმ კაცს შეეკვრებოდა, რომელმაც მისი ნათლიის მამის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ხოლო ამ ბავშვის მამიდა, ანუ მე, ციხისთვის გამიმეტა.
ვის ვის და გუბაზს, რომელიც ქართული ტრადიციებით არის გაზრდილი, კარგად უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს ნათელ-მირონობა. ნათესაობა 7 თაობაზე გადადის, ნათელ-მირონი _ 12 თაობაზე.
ძალიან გაბრაზებული ვარ, უფრო მეტად კი გული მტკივა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სანიკიძე იმ ადამიანს შეეკვრებოდა, რომელსაც ჩვენი განადგურება სურდა.
_ იქნებ გუბაზმა არ იცის, ოქრუაშვილმა ემზარის ლიკვიდაციის ბრძანება რომ გასცა?
_ ეს ინფორმაცია დამალული არ არის. ამის შესახებ ირაკლიმ ხმამაღლა განაცხადა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. მან თქვა, რომ 2006 წლის კოდორის მოვლენების დროს კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. იქვე დაამატა, დრო უკან რომ დაბრუნდეს, ახლაც იგივეს გავაკეთებდიო.
ეს განცხადება თან ისეთ დროს გააკეთა, როცა ემზარი ძალიან მძიმედ იყო და ციხეში იჯდა. პატიმარ კაცზე როგორ უნდა თქვა, მისი ლიკვიდაციის ბრძანებას გავცემდიო.
ოქრუაშვილისგან წესით არ უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ გუბაზისგან ძალიან მეწყინა. ვინ ვინ და გუბაზმა კარგად იცის, რომ ემზარ კვიციანი მის გამო ტყვიას შეუშვერდა მკერდს.
ჩემმა ძმამ თუ დაინახა, რომ ოქრუაშვილს უპირებს ვინმე მოკვლას, მასაც კი გადაეფარება.
_ მაგას რატომღა?
_ ემზარი კეთილი ადამიანია. მას უყვარს საქართველო და ქართველები. ირაკლი ოქრუაშვილსაც ამის გამო გადაეფარებოდა. იმის მიუხედავად გადაეფარებოდა, რომ მან მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.
ისევ გუბაზს დავუბრუნდები და ძალიან, ძალიან მტკივა გული მისი საქციელის გამო. სხვა თუ არაფერი, მას ის მაინც აღარ ახსოვს, ჩემ გამო აქციებს რომ მართავდა და ოქრუაშვილს სხვა ნაციონალებთან ერთად ლანძღავდა?!
_ თქვენ გამო რატომ ლანძღავდა ოქრუაშვილს?
_ 2006 წელს მე დამაკავეს. დამაკავეს კი არა, მძევლად ამიყვანეს. ციხეში 6 წელზე მეტი გავატარე. მაშინ ბევრი ადამიანი ითხოვდა ჩემს გათავისუფლებას. მათ შორის იყო გუბაზიც. ის ყველა იმ ადამიანს აკრიტიკებდა, ვინც კოდორის სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. ოქრუაშვილი კი ამ ამბებში მთავარი იყო.
გუბაზმა ისიც იცის, როგორ გასცა ოქრუაშვილმა სოფელ ჩხალთის განადგურების ბრძანება.
_ ჩხალთის განადგურება რაში სჭირდებოდა?
_ ჩვენი სოფელია. მან პილოტებს პირდაპირ ასე უთხრა -დაადუღეთ სოფელი ჩხალთა. პილოტებმა იმედა მაისურაძემ და სოსო ოსორაულმა ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს. ამის გამო ისინი თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დააჭერინა.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქამდე მოთმინებით ვუყურებდი ოქრუაშვილის აქტიურობას, მაგრამ გუბაზი რომ მის გვერდით დავინახე, ძალიან გავმწარდი. თქვენი გაზეთით მინდა ვკითხო – არ გრცხვენია, გუბაზ?!

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,570
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics