ნონიაშვილი – ომბუდსმენი მოდარაჯე ადამიანია, რომელიც ხელისუფლების ცოდვებს ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან თავდასხმის ობიექტი ხდება ყველა, ვინც არ ეთანხმება ან არ იზიარებს მათ პოზიციებს.

„ხელისუფლების მხრიდან ლომჯარიას თავდასხმები ერთადერთ რამეზე მიუთითებს, რომ მათ უნდათ ომბუდსმენიც, რომელიც არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ხელისუფლების ზეგავლენისგან გათავისუფლებული, იყოს ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ, ისევე, როგორც მაგალითად, ჰყავთ სასამართლოს „კლანი“. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ომბუდსმენის როლი რა არის, ასე ვთქვათ, მოდარაჯე ადამიანია, რომელიც ხელისუფლების ცოდვებს ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს. ასე რომ, ზუსტადაც, მე მგონია, ნინო ლომჯარია კარგად ართმევს ამ ფუნქციას თავს. ზუსტად ხელისუფლებას რომ სტკივა, ეს ყველაფერი ამაზე მიუთითებს. ამიტომ ხელისუფლების განწყობები, ცალსახად არის საუკეთესო ავტორიტარული ტრადიციების გაგრძელება და უკანასკნელი წინა თვეების განმავლობაში პროცესიც ამასვე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ არჩია რუსული ყაიდის პოლიტიკა, სადაც ვინც მას არ ეთანხმება, ის ყველა შემთხვევაში ხდება მტერი“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

აქვე, ნონიაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პარტიების მხრიდან კონსულტაციებსა და კოორდინაციებში ჩართულობა საერთო მიზნისკენ, რასაც ემხრობა „ევროპული საქართველოც“, თუმცა ამ საკითხზე საუბარი და შეთანხმება პარტიის ჩართულობაზე ნიკა მელიასთან ამ ეტაპზე არ მომხდარა.

„ჩვენი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მნიშვნელოვანი არის კონსულტაცია და კოორდინაცია, ოღონდ ამ კონსულტაციასა და კოორდინაციას უნდა ჰქონდეს საერთო მიზანი. ცარიელი და უშინაარსო არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. მიზანი და შინაარსი ამ ყველაფრის უნდა იყოს ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლა, რომელიც ჩვენი პარტიის პოზიციისთვის ხვალ არ სრულდება და ზეგ არ სრულდება, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ისევე დღესაც, მომხრე ვართ ამ კონსულტაციისა და კოორდინაციისა პარტიებს შორის საერთო მიზნისკენ, ვადამდელი არჩევნებისკენ. რაც შეეხება ჩვენს თანამონაწილეობას, ნიკა მელიას განცხადება არის ახალი განცხადება, ამ ეტაპზე ჩვენს შორის კონსულტაცია ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ ნიკა მელიას განცხადებას ეხება, არ შემდგარა. „ევროპული საქართველო“ მიიღებს ყველა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, სადაც დავინახავთ ჩვენს როლს და სადაც მზად ვიქნებით, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა, ოღონდ პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ მხოლოდ იმ საკითხებზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რისიც ფუნდამენტურად გვწამს ღირებულებითად. ეს არის მთავარი ამბავი, ამიტომ ამ კონსულტაციისა და კომუნიკაციის შედეგად ეს უნდა გამოიკვეთოს პირველ რიგში“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე – ქალბატონ ლომჯარიას განცხადება კობახიძეზე აბსოლუტურად მესმის და ადეკვატურია, ვფიქრობ, კიდევ ფორმები შეარბილა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ყატარის კომპანიის და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქის თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო