20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ნონა ქურდოვანიძე სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირის დაკავებას ეხმაურება

ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში სუს-ის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ჯაშუშობის ბრალდებით, გულბაათ რცხილაძე და ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დააკავეს.

,,სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული ჯაშუშობის მუხლი არის საკმაოდ პრობლემური შინაარსის. ჯაშუშობად ითვლება უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა. თავისი შინაარსით, ესაა განზრახი დანაშაული, როდესაც პირმა დანამდვილებით იცის, რომ მისი ქმედებით სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

თუმცა, ამ მუხლის ფართო ინტერპრეტაცია იმგვარადაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს თვითნებურად, პოლიტიკური ინტერესებისათვის.

როდესაც სუსი შაბათ დღეს 2 პრესკონფერენციას ატარებს და 2 პირის ამ მუხლით დაკავებაზე საუბრობს, მეტი სიცხადეა საჭირო. შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ საზოგადოებამ შეძლოს შეაფასოს, ამ მუხლის გამოყენება სწორად ხდება თუ თვითნებურად, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ბრალდებულები.

სიცხადე საჭიროა მით უფრო მაშინ, როდესაც წელს აშკარად რაღაც შეიცვალა და ამ მუხლის გამოყენება გააქტიურდა. წელს მინიმუმ უკვე მესამე თუ მეოთხე შემთხვევაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც წინა წლებში თითქმის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული 314-ე მუხლით”- წერს ქურდოვანიძე.

30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“- დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა. ის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.

დაკავებულს ბრალად ედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

სუს-ის მტკიცებით, დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით მართავდა მართავდა „სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს“.

ორი საათით ადრე სუს-ში გამართულ კიდევ ერთ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამავე ბრალდებით დააკავეს „ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე. ამ უკანასკნელს ერთდროულად ორი ქვეყნის აგენტობაში ედება ბრალი.

ორივე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწნებს პატიმრობას 8-დან 12 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია გორში მომხდარ ფაქტზე: შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა
შემდეგი სტატიაფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს