ნონა ქურდოვანიძე: ოცნების წევრმა დაადასტურა, რომ კამერები უბნებზე მათ ეკუთვნოდათ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ცესკო-ში დღეს გამართული სხდომის მიმდინარეობისას გამოვლენილ ახალ გარემოებაზე წერს.

საიას თავმჯდომარის თანახმად, საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა წევრმა დღეს ცესკოს სხდომაზე დაადასტურა, რომ კამერები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული, ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა.

“დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას – საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ „ქართული ოცნების“ დანიშნული წევრისგან, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ”- დაწერა ქურდოვანიძემ ცოტა ხნის წინ.

საიას თავმჯდომარე საკითხზე დავის გაგრძელებას აანონსებს:

“დღეს, ცესკოს რამდენიმე საათიანი სხდომა მიეძღვნა საჩივრების განხილვას, მათ შორის, საიას საჩივარს ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

მართალია, ამ საკითხზე სასამართლო განხილვები უკვე შედგა, თუმცა, ის ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ამჯერად, გასაჩივრებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. ეს სამართლებრივად სხვადასხვა აქტებია. გარდა ამისა, პირველ დავაში ცესკო არ მონაწილეობდა, როგორც მოპასუხე და ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ არც მესამე პირად ჩართო. პროცესზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენდა არა ცესკოს, არამედ მათ ჰქონდათ ოლქების წარმომადგენლობის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დავაში შემოგვეყვანა ცესკო, როგორც სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში მთავარი მოპასუხე უნდა იყოს.

დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ აჟღერებდა საიას წინააღმდეგ იგივე ბრალდებებს, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დღეებში ისმის. მათ შორის, სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა განსახილველ საკითხთან. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლებისათვის ჩატარებული ტრენინგების შინაარსს ვუთანხმებთ თუ არა დონორებს.

ამის მიუხედავად, საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ ამ სხდომიდან, ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა წევრმა დაადასტურა, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ.

ჩვენ ამ საკითხზე დავას აუცილებლად გავაგრძელებთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომლის გამოყენებაც დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია.

აქვე, დიდი მადლობა ჩვენს კომპეტენტურ იურისტებს, რომლებიც მშვიდად და ღირსეულად იგერიებდნენ ამ თავდასხმებს”, -წერს საიას თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება
შემდეგი სტატია“მივემგზავრებით თბილისში საქართველოს მეგობრებთან ერთად… მოუთმენლად ველით შეხვედრას პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან…”- როთი