ნონა ქურდოვანიძე – კანონები, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს

ვთხოვე, მათი მხრიდან ვენეციის კომისიის წინაშე დაყენებულიყო საკითხი, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები კანონპროექტებთან დაკავშირებით – კანონები, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით, საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს ,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავება, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ, აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

“როგორც იცით, მონიტორინგს ვუწევთ მიმდინარე პროცესებს. დოკუმენტირებას ვახდენთ დარღვევების, წამების პრაქტიკები, რომელიც დადგინდა გავაცანით. ასევე გადავეცით ანგარიში, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. დეტალურად არის აღწერილი ყველა ეს დარღვევა.

გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა კანონში. როგორც იცით, ვენეციის კომისიას შეუძლია ასეთ კანონებზე მოამზადოს მოსაზრებები. ვთხოვე, რომ ეს საკითხი ყოფილიყო დაყენებული მათი მხრიდან ვენეციის კომისიის წინაშე, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ეს კანონები აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ეს აღჭურავს საქართველოს ისეთი უფლებამოსილებებით, რომელიც ადამიანის უფლებებში ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს, მათ შორის პრევენციული დაკავება, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ. ეს კანონები რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს“, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი
შემდეგი სტატიარესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამების მარში დაიწყო