ნომერ პირველი არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ის, რომ ეკონომიკა საჭიროებს დღეს მეტ ელექტროენერგიას

“მინისტრი პირადად თვითონ იყო იქ ჩასული მოლაპარაკებაზე, იდგა თავის საზოგადოებასა და თავის პოლიციელებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გვახსოვს ჩვენ მათი პერიოდის მინისტრები, დაჯავშნილ მანქანებში რომ ისხდნენ და თვალყურს ადევნებდნენ დარბევის ოპერაციას”, – ამის შესახებ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით საკითხი ქვეყნის განხილვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ჭრილიდან უნდა დაიწყოს.

“აქ ნომერ პირველი არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ის, რომ ეკონომიკა საჭიროებს დღეს მეტ ელექტროენერგიას. მეორე – არის თუ რა ბენეფიტები, ანუ რა კონკრეტული სიკეთეები ექნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას და მე ჩამოვთვალე მინიმუმ ოთხი, რომლებიც ეხება წყლის სიტემის მშენებლობას, რომლებიც ეხება ელექტროენერგიის საფასურის დაფარვას, რომლებიც ეხება სპეცფონდის შექმნას და სხვა საკითხებს. მესამე – ამის შემდეგ მოდის ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები”, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო ინვესტორის თხოვნის შემდეგ გაუთვალისწინებელი შემთხვევების და მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

“შესაბამისად, პოლიციამ გააკეთა პროპორციული ძალის მობილიზება. ეს იყო 35 პოლიციელი, რაც წესით, საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ადგილობრივებსა და მშენებლებს, ან ინჟინრებს, ან კომპანიის წარმომადგენლებს შორის არ მომხდარიყო რამე ტიპის კონფლიქტი, ფიზიკური თუ სიტყვიერი. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. მე არ ვლაპარაკობ ჩემი ინტერპრეტაციებით ან სხვისი ინტერპრეტაციებით. კადრებში ჩანს როგორ დაიწყო ეს პროცესი. ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიცია სიმტკიცით, მოთმინებითა და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის მოვალეობას და როგორც ნახეთ, იქ არავითარი ძალის გადამეტება არ ყოფილა. პოლიცია იქცეოდა დიდი მოთმინებით და შეიძლება ითქვას, ევროპული სტანდარტით”, – ამბობს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიფოთში მდინარე კაპარჭინასთან, ნაგავსაყრელზე საბურავები იწვის
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა