ნოღაიდელი – საქართველოს აქვს შანსი გახდეს ენერგეტიკული ჰაბი

„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

მისი თქმით, ვითარების ანალიზისას არ უნდა შევიდეთ შეცდომაში, რომ თუნდაც იგივე თურქეთში ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის.

„ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ამდენად, იგივე თურქეთში ელექტროენერგიის მოხმარება, შესაბამისად, ფასი ენერგიაზე, აუცილებლად გაიზრდება, ეს ბაზარი კვლავ მიმზიდველი გახდება ელექტროენერგიის მისაწოდებლად. კონკრეტულად „ელ გრინიც“ კვლავ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ამ ქვეყნისთვის აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მიწოდებაში. ცხადია, როცა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიდის თურქეთში, მან უნდა გაიაროს საქართველო“, – განმარტა ნოღაიდელმა.

როგორც ნოღაიდელმა აღნიშნა, სწორედ აქ არის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, როგორც ენერგოჰაბის მომხიბვლელობა.

„ქვეყანა, უნდა გახდეს როგორც ელექტროენერგიის გარდამქნელი და ტრანზიტის ქვეყანა. ანუ არსი მდგომარეობს იმაში, რომ აზერბაიჯანში არსებული ჭარბი ელექტროენერგია, საუბარია თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ, ანუ საბაზო ელექტროენერგიაზე, შემოვიდეს საქართველოში, ჩვენთან არსებული მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით გარდაიქმნას იმ ტიპის ელექტროენერგიად, რომელიც ევროპის ბაზარზე შეიძლება გაცილებით ძვირად გაიყიდოს, ანუ პიკის საათების ელექტროენერგიად. ეს შესაძლებლობები და უპირატესობები მომავალშიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – არ შეიძლება, საზღვარზე შემოვიდეს ადამიანი, ვისაც არ ექნება „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი