ნოდია: ტრამპის ნაბიჯები პუტინისთვის მოსაწონია, ეს არ ნიშნავს, რომ ომის ბედი გადაწყვეტილია

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

ტრამპის მეორე ვადის დაწყებამდე, მის მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა (ყოველ შემთხვევაში, რაც მე შემხვედრია) იყო “არაწინასწარმეტყველებადი”.

ეს წარმოდგენა ემყარებოდა მისი პირველი ვადის გამოცდილებას, როდესაც ბევრი მისი გამონათქვამი სკანდალური, ხოლო ქმედებები ქაოტური და არათანმიმდევრული იყო, მაგრამ საბოლოო შედეგების თვალსაზრისით, ამ ყველაფრის შედეგები არსებითად “ნორმალური” პოლიტიკის ფარგლებში ჯდებოდა (თუ არ ჩავთვლით 2020 წლის არჩევნების წაგების შემდეგ პერიოდს, როდესაც მან შედეგი არ მიიღო და მომხრეები კაპიტოლიუმის შტურმისკენ წააქეზა). ამერიკული დემოკრატიის ინსტიტუტებმა ტრამპის ახირებებს გაუძლო.

მეორე ვადის ტრამპი გაცილებით უფრო მომზადებულია, უფრო დარწმუნებულია საკუთარ თავში და უფრო ერთგული გუნდი ჰყავს. საშინაო პოლიტიკაში ის “ადმინისტრაციული სახელმწიფოს” (იგივე “დიპ სტეიტის”) წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური პროგრამით მოვიდა და მას საკმაოდ თანმიმდევრულად ახორციელებს. ამით კარგს აკეთებს თუ ცუდს, სხვა საკითხია, მაგრამ ამ მხრივ “ქაოტურობას” ჯერჯერობით ვერ დავაბრალებთ.

მაგრამ საგარეო პოლიტიკაშიც ასეა? ტარიფებზე სულ ლაპარაკობს – მაგრამ რაც შეეხება მათ გამოყენებას, ეს უფრო ტაქტიკური იარაღი ჩანს. გარკვეულ ლოკალურ გამარჯვებებს ტარიფების მუქარით უკვე მიაღწია, მაგრამ სტრატეგიულად როგორ გამოიყენებს ამ ინსტუმენტს და რას მიაღწევს, ბუნდოვანი რჩება.

რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს – რუსეთის და უკრაინის, ამავე დროს ევროპასთან დამოკიდებულების თემა – ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ყველაზე უარესი, შეიძლება ითქვას, კატასტროფული სცენარი ხორციელდება. ამის გამო ტრამპი ლანძღვას და გინებას სრულად იმსახურებს. მაგრამ აქვს მას ამ საკითხებში ერთიანი გააზრებული სტრატეგია?

რაშიც ტრამპი თანმიმდევრულია, არის უპრინციპობა და პიროვნული უმწიფრობა. გაბრაზდა ზელენსკიზე და მასზე სრული აბდაუბდა ილაპარაკა. თავში მოუვიდა ღაზის პრობლემის გადაწყვეტის სრულიად გიჟური და არარეალისტური პროექტი და დააბრეხვა.

არსებობს თეორია, რომ ტრამპი შეგნებულად იგიჟიანებს თავს, რათა მოწინააღმდეგეები დააბნიოს, შეაშინოს და მათ რაღაცეები დაათმობინოს. არც უმაგისობაა. მაგრამ თავის მოგიჟიანება სერიოზული სტრატეგია ვერ იქნება.

ისევ პირველი ვადა გავიხსენოთ: ტრამპს ჰქონდა ერთი სერიოზული საგარეოპოლიტიკური წარმატება (ე.წ. “აბრაამის შეთანხმებები” ახლო აღმოსავლეთში), მაგრამ სხვა არაფრისთვის მიუღწევია. მან დაიწყო ჩრდილო კორეასთან ბრახა-ბრუხით, მაგრამ კიმთან რამდენიმე სუპერ-გაპიარებულ შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია. არც ჩინეთთან ურთიერთობაში ჰქონია მიღწევები – თუმცა ამასაც პრიორიტეტად აცხადებდა. სადაც სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს, იქ ვერაფერს ხდება.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ტრამპი მაინც რჩება ქაოტური, არათანმიმდევრული და არაწინასწარმეტყველებადი. გარდა ამისა, 2017-დან 8 წელი გავიდა და მისი მენტალური უნარები არ გაუმჯობესებულა. თუ ბაიდენისთვის ასაკი სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა, ეს მისთვისაც ასეა (თუმცა ნაკლებ თვალსაჩინოა).

მასთან ერთად, არაწინასწარმეტყველებადი და გაურკვეველია (რა თქმა უნდა, მეტად სახიფათოც) გლობალური სიტუაცია. ტრამპის ბოლო ნაბიჯები პუტინისთვის ძალიან მოსაწონია (ჩვენი ბიძინასთვისაც), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ბედი გადაწყვეტილია და ტრამპი ამ საკითხში თავისას გაიტანს,-წერს პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო ექსპერტის განცხადებით, კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა
შემდეგი სტატიაAxios: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების პროექტის „გაუმჯობესებული“ ვერსია გადასცა