ნოდარ ფოფორაძე: მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება, ახლა მთავარია მოხდეს პროცესის შეჩერება

თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„თაიმერის“ ინფორმაციით მერიაში ასევე შედგა ქართველ სპეციალისტებთან შეხვედრა. ჩვენს კითხვებს პასუხობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფოფორაძე.
_ ქანების რღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს, გარემო პირობებში ადამიანის მხრიდან ხელოვნული ჩარევისა და ასევე, ბუნებრივი მოვლენების გამო. კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ძლიერ რყევას გამოიწვევდა, არ ყოფილა. ე.ი. მოვლენები ხელოვნურმა პროცესებმა დააჩქარა.
რღვევა დაწყებული არაა რამდენიმე დღის, არამედ რამდენიმე წლის წინ, როდესაც გზა პირველად გაიყვანეს და ამ გზის გაჭრა მოხდა არასწორად. აქ გზის სამუშაოების გარდა, მიმდინარეობს სხვა სამუშაოები, წყლის მილები განთავსდა, რომლისთვისაც საკმაოდ ღრმა არხი გაიჭრა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, რამაც გამოიწვია ქანების დაძაბვა. ხაზგასმით ვამბობ, როდესაც პირველად დაიწყო აქ გზის მშენებლობა, სწორედ მაშინ მივიღეთ გარკვეული უარყოფითი შედეგი.
_ რისკები თავიდანვე ხომ უნდა ყოფილიყო გათვლილი და ამ საქმეში სპეციალისტები ჩართული?
_ აუცილებელად! როდესაც დაიწყეს გზის გაყვანა, ალბათ, ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, მაგრამ როგორ ჩატარდა, ან ვინ ჩაატარა, არ ვიცი. როგორც ჩანს, არ მიმდინარეობდა სათანადო მოცულობის გეოლოგიური შესწავლა. სამწუხაროა, რომ არცერთი მშენებლობის დაწყების წინ, არ ხორციელდება სათანადო კვლევები, რაც მოგვიანებით, სახელმწიფოს გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე, გეოლოგიური სამუშაოების მშენებლობის დასაწყისში ჩატარება.
_ თავდაპირველად როდესაც დაიწყო გზის მშენებლობა, ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებს თუ მოგმართათ ვინმემ, ჩაგეტარებინათ კვლევა?
_ ჩვენთვის არავის მოუმართავს. კომპანია, როდესაც ტენდერს იგებს, სამუშაო იაფად რომ შეასრულოს, სათანადო ხარჯთაღრიცხვას არ ითვალისწინებს.
_ მაგრამ დასკვნის გარეშე ხომ ვერ დაიწყებდნენ გზის გაყვანას?
_ ვერა, მაგრამ ჩვენთვის არავის მოუმართავს. ტერიტორია საკმაოდ რისკის შემცველია და თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ყველა დეტალი. საკმაოდ დიდი რაოდენობის მასაა მოჭრილი, რის გამოც ქანები გაუწონასწორებელი დარჩა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქანები დაიძრა. ესაა წმინდა გეოდინამიკური პროცესი, შედეგად მეწყერი დაიძრა. მე არ ვიცი რა დაუკვეთეს სამუშაოების შემსრულებელ ფირმას, რა სახის ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ, ფაქტია – გაუთვალისწინებელია გეოლოგიური მონაცემები და არაა სრულყოფილი გეოლოგიური დასკვნა.
_ დღევანდელი მდგომარეობა როგორია?
_ ჩვენ, ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები ვიყავით გასული მეწყრულ ზონაში, დავათვალიერეთ და მინდა ხაზგასმით გითხრათ, იქ ისეთი მდგომარეობა არ არის, როგორი აჟიოტაჟიცაა ატეხილი, თუმცა არც მარტივი სიტუაციაა. აქ საჭიროა, ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება.
_ მაგრამ მდგომარეობის გართულება ხომ შეიძლება მოხდეს?
_ სამუშაოები მიმდინარეობს, ამდენად, გართულება არ მოხდება.
_ გამაგრება შეიძლება?
_ რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება. გეოლოგების ჩართულობით კომპლექსური სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რამდენიმე დღეში გაირკვევა რა ტიპის აღდგენითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ქანების წონასწორობის დარღვევა დაიწყო გზის გაყვანის დროიდან.
_ მოსახლეობას საშიშროება ელოდება?
_ მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება, ახლა მთავარია მოხდეს პროცესის შეჩერება. როგორ მოხდება ეს, ამას რამდენიმე დღეში გეტყვით.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია