ნოდარ ხადურმა პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. იგი გლდანის მე-20 მაჟორიტარული ოლქის 32-ე საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ ხადურთან ერთად მივიდა.

ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტური კიდევ ერთი ნაბიჯია დემოკრატიისკენ.

„ასეთი მასშტაბით, მეორე ტური საქართველოს ისტორიაში არ ჩატარებულა, როგორც იცით, პრაქტიკულად, მთელ საქართველოში დღეს არჩევნების მეორე ტურია. მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ ძალიან დიდი ლეგიტიმაცია – ისინი ამომრჩევლის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებენ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაჟორიტარი კანდიდატები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში იქნება ძალიან დიდ უმრავლესობაში, სრულად გაამართლებს ამ ნდობას და საქართველო ოთხი წლის მერე იქნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, ამიტომ მინდა ვთხოვო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და კიდევ ერთხელ გამოიჩინონ ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც მათი აზრით, უკეთეს, სწრაფადგანვითარებად, დემოკრატიულ, ჰუმანურ და ჰარმონიულ საქართველოს ჰპირდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე 1 ბიულეტენი დაიკარგა