ნოდარ ხადურის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო

ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ხედვას იზიარებს და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო.

როგორც ხადურმა აღნიშნა, მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატებებს უსურვებს, განსაკუთრებით კი, მის შემცვლელს.

„მინდა მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატება ვუსურვო, განსაკუთრებით მომავალ ფინანსთა მინისტრს. ძალიან საინტერესო სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის შეცვლას, ოთხი წელი ვიყავი მერვე მოწვევის პარლამენტის ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის ხედვას აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ ამ სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო. ახალი მინისტრი წარმატებით გააგრძელებს იმ რეფორმებს, რაც დავიწყეთ“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა ყოფილი მინისტრის თქმით, ის მმართველი პარტიის რიგებში რჩება და სად გააგრძელებს მუშაობას, ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს.

„მე ვარ გუნდის წევრი, ვარ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო ჩემი მომავალი საქმიანობის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს“, – აღნიშნა ხადურმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: საკადრო ცვლილებებს ვაპირებ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას