ნოდარ ხადური სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულთა შეხვედრას დაესწრო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პროგრამის „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულთა შეხვედრას დაესწრო.

ფინანსთა მინისტრმა მაგისტრანტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ ისაუბრა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების, ისე ზოგადად, ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმისთვის.

ნოდარ ხადურმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმატებულ თანამშრომლობაზე ქართველ კოლეგებთან, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსთან.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, დაფუძნდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“. ესაა უნიკალური პროგრამა თუნდაც იმიტომ, რომ მან მიიღო ევროპული აკრედიტაცია, რაც უნიკალური მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად. სწორედ ისინი არიან მომავალი საჯარო მმართველობის სპეციალისტები. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სახით, საქართველოს საჯარო სექტორი სერიოზულ შევსებას მიიღებს. მინდა, მათ ვუსურვო წინსვლა და იმედი გამოვთქვა, რომ ბევრი მათგანი საჯარო სამსახურში დიდ წარმატებას მიაღწევს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა წარადგინეს დარგობრივი მოხსენებები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას, ასევე, პროგრამის ქართველი და გერმანელი ლექტორები დაესწრნენ.

როგორც ცნობილია, გასული წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობას“, სააკრედიტაციო ორგანიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი თსუ-ში 2013 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა. მისი ინიციატორები იყვნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროს, ადმინისტრაციული სამართლის განვითარება და მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს საჯარო მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი მარგველაშვილი დეტალურ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს თავდაცვის მინისტრისაგან
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა