ნოდარ ხადური : ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ

ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი ვალია მშვიდობიანი, გონივრული ქმედებებით უზრუნველვყოთ ქვეყნის გამთლიანება.

„10 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა სამშობლოსთვის გულანთებული, ბევრი პატრიოტის სიცოცხლე შეიწირა. ქედს ვიხრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების, ჩვენი ჯარისკაცების, იძულებით გადაადგილებული ოჯახების წინაშე. სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცები დგანან და არ მაქვს უფლება ჩემი სოფლის ეკლესიაში თავისუფლად ვილოცო, დანებებას ვერაფერი მაიძულებს. ჩვენი ვალია მშვიდობიანი, გონივრული ქმედებებით უზრუნველვყოთ ქვეყნის გამთლიანება, განვითარებისკენ სვლა, საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლება. აფხაზეთი, ქსნისა და ლიახვის ხეობები ისტორიული ქართული მიწაა და ვერანაირი მავთულხლართი და ხნული ვერ წაშლის საქართველოს ისტორიას, ძლიერებას და ერთიანობას.

მჯერა, ჩვენი ვაჟკაცების სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებს. საქართველოს გამარჯვება არაერთხელ უზეიმია და ეს დღე აუცილებლად დადგება. ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ხადურის კომენტარს კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძე სიტყვიერად გააფრთხილა
შემდეგი სტატიამარშალ გელოვნის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო