ნოდარ ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილზე – პოლიტიკიდან სრულად არავინ არასდროს მიდის ხოლმე

პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად ხოლმე, როგორც წესი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიესალმება იმას, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ფაქტია, რომ ადამიანებს ყოველთვის უნდათ გაცილებით მეტი, ვიდრე ამის გაკეთება კონკრეტულ ხელისუფლებას შეუძლია და ვიდრე საერთოდ თეორიულადაც შესაძლებელია.

„ფაქტია, რომ ადამიანებს ყოველთვის უნდათ გაცილებით მეტი, ვიდრე ამის გაკეთება კონკრეტულ ხელისუფლებას შეუძლია და ვიდრე საერთოდ თეორიულადაც შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის იქნება ერთი შეხედვით განსხვავებულობა… ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ყველაზე წარმატებული ხელისუფლებითაც კი მასა კმაყოფილია. ჩემზე კარგად ძნელად თუ ვინმე დაინახავს, რამდენი საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა ჯავახიშვილმა და ამის მაგალითად ერთ-ერთ სოფელში გზის არარსებობა დაასახელა.

მეორე მხრივ, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ხედავს იმასაც, რომ ბევრი რამ კეთდება.

„თუმცა ”ამ ბევრს” როცა აფასებ, უფრო მეტი გეჩვენება გასაკეთებელი, ვიდრე გაკეთებული. ეს წინააღმდეგობა არ არის. ეს არის ერთი მხრიდან პოლიტიკოსის სწორი და ობიექტური შეფასება. მეორე მხრიდან ადამიანის გაცილებით უფრო საფუძვლიანი, მაგრამ გრძელვადიანი მოთხოვნილება, რომელიც სჭირდება, რომ დღესვე დაუკმაყოფილდეს“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ გახდა აუცილებელი რომ ოთხი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ გავიდეს ხალხში და რა მანდატი ექნება მას, ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა არჩევნების წინ მთელი მსოფლიოს სახელმწიფოების ხელისუფლება ანალოგიურად იქცევა.

”ღმერთმა დაიფაროს ბიძინა ივანიშვილი და თითოეული ჩვენგანი – რომ წახვალ და მერე რომ ვეღარ მოხვალ. პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად ხოლმე, როგორც წესი. ის, რომ პოლიტიკიდან გადგა, რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით, ინსინუაციები ისევ რჩება, მართლა გადგა. მე მივესალმები თუ დაბრუნდება. თუმცა როცა საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის როგორ ჯობია, ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისა და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა, თვითონ მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის. მე ვთვლი, რომ მაინცდამაინც კმაყოფილი ვერც ის იქნება და ვერც მე. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების უფრო წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბატონი ბიძინას დაბრუნება“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, გაუხარდება, თუკი საქართველოს ხელისუფლება მიეჩვეოდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ნებისმიერი ადამიანის გარეშე, დამოუკიდებლად ემართა ქვეყანა.

„არის ამ მიმართულებით რაღაც პრობლემა. მე როგორც ნოდარ ჯავახიშვილი, ადამიანი, რომელიც რომ არ გაემარჯვა „ქართულ ოცნებას“, ვერც კი წარმომიდგენია სად ვიქნებოდი, მივესალმები, თუ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდება. თუმცა მე მირჩევნია, რომ ახალგაზრდობამ ბატონ ბიძინაზე და ბევრ სხვაზე უკეთესად წარმართოს ეს ქვეყანა, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ცოტა კიდევ სჭირდება დრო… ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესში ჩართვა, გარწმუნებთ, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ მოპოვებულ ხმათა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – საქართველო პატარა, მაგრამ დინამიური ქვეყანაა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს სსხდომა იწყება