“ნოდარ ებანოიძის კითხვაზე თქვენი პასუხი მიუღებელი და უადგილო იყო”- კორძაია ბესელიას მიმართავს

“რესპუბლიკელმა” დეპუტატმა თამარ კორძიამ თანაფრაქციელის ნოდარ ებანოიძის მისამართით დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებას მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი უწოდა.

შესაბამისი განცხადება კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მან პარლამენტს იმ მუხლის მიღების გადადება შესთავაზა, რაზეც ებანოიძემ სესიაზე შენიშვნები გამოთქვა და რასაც მასსა და ეკა ბესელიას შორის შელაპარაკება მოჰყვა.

“ნოდარ ებანოიძის კითხვასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი, რომ ეს იყო პოლიტიკურ ქვეტესტებთან დაკავშირებული, ნამდვილად მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი იყო, რადგან არც ბატონ ნოდარს და არც ერთ “რესპუბლიკელს” არა გვაქვს იმის პრობლემა, რომ პოზიციები ღიად გამოვხატოთ და ეს იცის ყველამ. ამიტომ გთხოვთ, რომ მომავალში ეს გაითვალისწინოთ”, – მიმართა ბესელიას თამარ კორძაიამ.

ეკა ბესელიასა და ნოდარ ებანოიძეს შორის შელაპარაკება საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან, კერძოდ კი, პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობის ფორმირებას ითვალისწინებს.

თამარ კორძაიამ პროექტის შესაბამისი მუხლის კენჭისყრაზე გატანის გადადება და იმ საგანმანათლებლო სუბიექტებთან კონსულტაციების გამართვა ითხოვა, ვინც პარლამენტში ინიცირებულ საკითხს პრობლემატურად მიიჩნევს. მან აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად, ინიცირებული პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია.

banner
წინა სტატიაში(video)გორის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქცია დაიშალა-ოქრუაშვილის მუქარა მერს
შემდეგი სტატიამიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს ეწვევა