„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნოდარ ჩაჩანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე დაპირისპირებასა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის გარშემო აგორებულ ბრალდებებს უპასუხა.
ჩაჩანიძის შეფასებით, „ერთიან ეროვნულ მოძრაობაში“ არსებული უკმაყოფილება იმით არის განპირობებული, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდა და ფინანსური რესურსების მობილიზება შეძლო.
„„ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, რომ ნიკა გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში. მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამო არის გაღიზიანება…
აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს [ხვიჩია] ხელი ეტყობა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მასთან [ბიძინა ივანიშვილთან] არის დაგეგმილი რა დარტყმაც წამოვიდა. იმედია სააკაშვილი მსგავს თამაშს არ თამაშობს“, — განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის თქმით, მათმა გაერთიანებამ შეძლო ოპოზიციური ელექტორატის გადარჩენა და რეგიონებში მხარდამჭერების მობილიზება.
ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ მათი კოალიცია არის ერთადერთი, რომელიც დღემდე ერთიანია და რომელმაც შეძლო ფინანსური სტაბილურობის მიღწევა, რაც კოლეგების უკმაყოფილებას იწვევს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის დიდი ნაწილი სხვაგან მიდიოდა, ზოგიერთი კი მმართველ პარტიასთან გადასვლასაც განიხილავდა, თუმცა კოალიციამ ეს ნაკადი ოპოზიციურ ველზე შეინარჩუნა.








