ჩეჩნეთში უსაფრთხოების ძალებმა ექვსი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოპოზიციური მოძრაობა NIYSO ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულები ცხოვრობენ დასახლება შეიხ-იზნაურში, რომელიც ქალაქ გროზნოს შემადგენლობაში შედის. აქტივისტების თქმით, ინციდენტის მიზეზები და გარემოებები ჯერ კიდევ უცნობია.
„ყოველდღე, მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს იტაცებენ და სარდაფებში ათავსებენ. მათ აწამებენ. ფსბ მდუმარედ აკვირდება და მართავს პროცესს“,_ განაცხადა NIYSO-მ.
აქტივისტები რეგულარულად იტყობინებიან ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებს.
ცნობისთვის, შარშან შემოდგომაზე რეგიონის უზენაესმა სასამართლომ NIYSO „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.














