აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, განხილული იქნება აშშ-ის ქმედებების სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ან სრული გაუქმება.
თეთრ სახლს ოფიციალურად ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაპირისპირებამ აჩვენა, რამდენად რთული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თეთრ სახლში მომხდარი აჩვენებს, რამდენად რთული იქნება უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირება. კიევის რეჟიმს და ზელენსკის მშვიდობა არ სურთ. მათ სურთ ომის გაგრძელება. ასე რომ, ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვაშინგტონის ძალისხმევა და მოსკოვის სურვილი აშკარად არ იქნება საკმარისი“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი განაგრძობს დიალოგს ვაშინგტონთან.
„რჩებიან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც შეადგენენ „ომის პარტიას“ და რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის დახმარება ომის მხარდაჭერისა და საომარი მოქმედებების გაგრძელების თვალსაზრისით. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა სწრაფად გასვლა სამშვიდობო პირობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩნდება სამშვიდობო გეგმების პირველი მონახაზები“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური დასავლეთი კარგავს თავის კოლექტიურობას და მისი ფრაგმენტაცია დაიწყო.