აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პირადად ცდილობდა ევროპელი ლიდერების დამშვიდებას, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის მთავრობების პირდაპირი კომუნიკაციით.
ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მარკო რუბიომ პირადად დაურეკა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის პირველ პირებს.
გამოცემის თანახმად, რუბიო ცდილობდა, დაერწმუნებინა ევროპელები, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები არ არის ამერიკული პოლიტიკიდან მკვეთრი გადახვევა.
ევროპელ ოფიციალურ პირებთან საუბარში სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრა პირველი ნაბიჯი იყო პროცესში, იმის დასადგენად, არის თუ არა კრემლი სერიოზულად განწყობილი სამშვიდობო შეთანხმების მიმართ.
გამოცემის ცნობით, მარკო რუბიომ ევროპელებს უთხრა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ გეგმავს უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებით რუსეთთან ორმხრივი შეთანხმების პირობების წამოყენებას. მან ასევე დაარწმუნა ევროპელები, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მოსკოვის ქცევაში შესამჩნევი ცვლილებების გარეშე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს, თუმცა არ გამორიცხა გარკვეული ზომების შემსუბუქება, თუ რუსები დაიწყებენ იმ ნაბიჯების გადადგმას, რასაც ამერიკის ადმინისტრაცია მათგან ელოდება.