ნინო ზამბახიძე „მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე – ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე“

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც შესყიდვების სააგენტოსთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ 4 კაცი, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ, ფერმერებს სისტემატურად პარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირები ქურდობის ფაქტზე დააკავა.

„ეს ამბავი უნდა მოვყვე. დღეს შესყიდვების სააგენტოს შევხვდით ისევ კონსოლიდირებული ტენდერის თაობაზე, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ ერთ-ერთი იყო, რომ კონსოლიდირებული ტენდერი მცირე და საშუალო ბიზნეს აზიანებს და ამ პოზიციიდან სხვადასხვა თემას შევეხეთ, მაგალითად ის რომ ფერმერებს შესაძლოა არ შეუძლიათ დიდი რაოდენობის პროდუქციის მიწოდება, თუმცა ერთი უწყებისთვის საკმარისი პროდუქტი შესაძლოა ჰქონდეს, ამას მოჰყვა მაგალითები თაფლის, რძის პროდუქტების და ა.შ. ამასობაში ბექამ დასვა შეკითხვა, ხორცს, ადგილობრივს თუ ყიდულობს ვინმეო და გავარკვიეთ, რომ მხოლოდ შსს ყიდულობს. რომ გამოვედი შეხვედრიდან ჟურნალისტმა მკითხა, რა კომენტარს გააკეთებთ პირუტყვის ქურდობაზეო. ეგ ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა, ჩვენ ფერმერებს ხშირად უთქვამთ რომ ძროხები ეკარგებოდათ და არც მიდიოდნენ პოლიციაში. ამბობდნენ აზრი არ ააქვს, ვერ იპოვიან მაინცო. მოკლედ გავარკვიე რომ 4 კაცი, რომელიც პირობითად იყო გათავისუფლებული, შეამხანაგდა და სისტემატურად პარავდნენ ძროხებს ფერმერებს და შემდეგ ყიდდნენ. მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე – ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე. ყველაზე კარგი ამ ამბავში ის არის, რომ პოლიცია სრული სერიოზულობით მოეკიდა ფაქტს. ერთი შეხედვით ცალობით ძროხების ქურდობა ვითომ არც ჩანს საერთო სურათში, მაგრამ ეს ჩვენ ფერმერებს მართლა უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ასეთი მიდგომა თუ გაგრძელდა გვეშველება მგონი. პ.ს კი იძახდა გახარია, რომ წავალ პოლიტიკიდან, ფერმერი ვიქნებიო და ასრულებს ჯერჯერობით დანაპირებს“, – წერს ნინო ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 5 პირი, რომელთაგან 4 დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობაში ედებათ. სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სისტემატურად იპარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს, რის შემდეგაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა პირების მეშვეობით, უკანონოდ ახდენდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაშეხვედრა საფრანგეთის პირველ ლედისთან