„უგუნური ოპოზიცია ნელ-ნელა რწმუნდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ისინი ნელ-ნელა გონს მოეგებიან და უფრო და უფრო მეტ განცხადებას დავინახავთ იმის მხარდამჭერს, რომ შემოვიდნენ საარჩევნო ველზე“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პარტია „ლელოს გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმა არ შეიძლება და ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რას ეტყვიან გარედან.
„ჩვენ ვნახეთ „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც ისინი ცდილობენ, ნელ-ნელა გაამართლონ საკუთარი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში იმის მიუხედავად, რომ მთელი ეს პერიოდი გვარწმუნებდნენ და არწმუნებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას.
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რას ეტყვიან გარედან, ხოლო გარედან მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეფუძნება შიდა პოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც ჩვენი ოპონენტები სრულად დამარცხდნენ“, – აღნიშნავს ნინო წილოსანი.