ნინო წილოსანი: ყველასთვის მიუღებელია ჩვენი გადასახადებიდან 50 მილიონის გაფლანგვა

“კანონი უნდა აღსრულდეს და კანონის წინაშე ყველა თანაბარია” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი გიგი უგულავასთვის გამოტანილ განაჩენს.
“თაიმერთან” ექსკლუზიურ კომენტარში წილოსანი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის გაფლანგვა მისთვის მიუღებელია:
– ადამიანურად არავის დაკავება არ მიხარია, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. კონკრეტული საქმის დეტალებზე გამიჭირდება საუბარი – არც იურისტი ვარ და ამასთანავე, არც ამ ქეისზე ვიცი ბევრი. თუმცა, ერთი, რაც, ალბათ, ყველასთვის მიუღებელია ჩვენი გადასახადებიდან 50 მილიონის გაფლანგვაა, მით უფრო არჩევნებში გამარჯვების მიზნით, – ამბობს წილოსანი.
– ქალბატონო ნინო, 50 მილიონის გაფლანგვაზე საუბრობთ იმ დროს, როცა თქვენს ოჯახს 65 მილიონის გაფლანგვას ედავებიან და ამ საქმეზე თქვენი მეუღლე და მამა ბრალდებულია?
– ჩემი ოჯახი უდანაშაულოა, მე ამაში დარწმუნებული ვარ და იმედია, მალე ამაში სასამართლოც დარწმუნდება. მთავარია დროულად დასრულდეს პროცესი, ეს გაჭიანურება უფრო აზიანებს მათ, – დასძინა დეპუტატმა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ავტორი: ნატო გოგელია

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ბიძინა ივანიშვილი „რადიატორების“ იმედად დარჩა“
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას დაკავებამ ფაქტობრივად მოკლა სხვა თემებზე შეთანხმების მიღწევის შანსი