„ქართული ოცნების“ დეპუტატები ორგანიზაცია „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლებს მოუწოდებენ, ყურადღება ხარვეზების აღმოფხვრაზე გადაიტანონ და პროცესების ნორმალურ მსვლელობას დაელოდონ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ორგანიზაციის წევრები შექმნილი ვითარებით საკუთარი თავის გმირად გამოყვანასა და მსხვერპლის როლის მორგებას ცდილობენ.
წილოსანის შეფასებით, მსგავსი მიდგომა ქართულ პოლიტიკაში ხშირად გვხვდება და ის პოლიტიკურ რეალობას აცდენილია.
„ამ ორგანიზაციაში ჯობია სისულელეებზე ფიქრს, ხარვეზები აღმოფხვრან და დაელოდონ, რომ პროცესები ნორმალური მსვლელობით წავა. თავისთავად, ალბათ ყველა ასეთი ადამიანის ინტერესშია, რომ თავი გმირად გამოიყვანოს, ძალით განიგმიროს და თითქოს მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა მომართული. ეს რაღაც ფსიქოლოგიური მოვლენაც არის და ბევრ ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ხშირად იყრიან თავს ქართულ პოლიტიკაში“, — განაცხადა ნინო წილოსანმა.
სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ჯერ საქართველოს“ პარტიად რეგისტრაციის განცხადება თავდაპირველად დაახარვეზა, ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვის შემდეგ კი განაცხადი განუხილველად დატოვა.








