ნინო სურგულაძე: აფხაზი და ოსი ძმებისგან მავთულხლართებით გაყოფა შეუძლებელია

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მიმართვას ავრცელებს, რომელიც ეხება შიდა ქართლში, საქართველოში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და მცოცავ ოკუპაციას.

“მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც ომისა და მშვიდობის მიმართ მგრძნობელობას არასოდეს დაკარგავს. რომელმაც იცის თავისი ისტორიული მეხსიერების ფასი და პატივს მიაგებს სხვათა ეროვნულ ღირსებას. ამიტომ შეუძლებელია დუმილით ვუცქირო იმ პროცესებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლივ ტრიალებს და რომელსაც პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ყველაფერი ზოგადადამიანურ ტკივილს უკავშირდება. უკვე წლებია ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობ, ადამიანებს შევუმსუბუქო სოციალური ყოფა. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ სიკეთე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტება. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ადამიანები საშობლოსთან ერთად კარგავენ ადამიანის უფლებებს და რჩებიან იმ სივრცეში, სადაც ისინი არავის აინტერებს. ძალიან მინდა, ამ დროს ჩემთან მხოლოდ ხელოვანები კი არა, პოლიტიკოსებიც იყვნენ, რადგან კაცობრიობის სინდისად აღიარებულ კულტურას აუცილებლად ჭირდება მათი რეალური მხარდაჭერა.

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიო ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ქმედითი ღონისძიებებისაკენ. მსოფლიო არ შეიძლება დარჩეს გულგრილი ამ პროცესების მიმართ.

მე არ ვიცი, რას განიცდიან დიდი პოლიტიკის შემოქმედნი, როცა მავთუხლართებით აძევებენ ადამიანებს საკუთარი წარსულიდან და მშობლიური სახლებიდან, მაგრამ მე ვიცი, რას განიცდიან ისინი და ვწუხვარ ჩემი უმწეობის გამო. ჩვენ – ხელოვანებს შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ, დავეხმაროთ მატერიალურად, მაგრამ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს სისასტიკე. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

და ბოლოს მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე, ჩვენი გაყოფა აფხაზ და ოს ძმებთან მავთულხლართებით შეუძლებელია, საქართველო არასოდეს შეეგუება ამ რეალობას. რადგან ისტორიული სამართლიანობა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აღდგება და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ მისი მონაწილე.

პატივისცემით ნინო სურგულაძე

მეცო- სოპრანო

ახალი ზელანდია

12 ივლისი”, – წერს ნინო სურგულაძე.

banner
წინა სტატიაშიისრაელი საკუთარი გაზს ევროპაში თურქეთის გავლით გაიტანს
შემდეგი სტატიაადვოკატი: გიორგი გიორგანაშვილი პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დააკავეს