რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო,– წერს ოცნების პროპაგანდისტი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
,,ერთია დაგავალონ და მეორეა, გააკეთო. ნევროლოგების დეფიციტში, ღვთის წყალობით, ახმეტას საკუთარი ნევროლოგი ყოლია. შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ, მრეცხავი ვარდოს ისტორია მაგონდება. არ არის ეს ქართული, არ მოსულა, სულ ნუ განაცდებით”,– წერს ოცნების პროპაგანდისტი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით ერთი ექიმი დააკავეს.
მოგვიანებით, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნევროპათოლოგ მაია კოხტაშვილს აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა და უთხრა, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედის ძლიერი ტკივილების გამო მისი კლინიკაში მიყვანა არ შეეძლო.
მთივლიშვილის ინფორმაციითვე, “კოხტაშვილის საქმეზე აგენტი-პროვოკატორია ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი!”.
კოხტაშვილს დღეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეფარდა. კოხტაშვილს სოლიდარობა მოქალაქეებმა გამოუცხადეს და 50 000 ლარი შეუგროვეს.








