ნინო ლომჯარია: „თემირლან მაჩალიკაშვილი სხვა მომავალზე ოცნებობდა“

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიებას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რადგან კითხვებს რომელიც ახალგაზრდის გარდაცვალებასა და 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხები გაეცეს.

„არ შემეძლო კიდევ ერთხელ არ მეთქვა ის სათქმელი, რაც დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა. მიუხედავად მძიმე ემოციური ფონისა, მე გავიცანი ისინი, როგორც კულტურული, პოზიტიური და საქართველოზე შეყვარებული ჩვენი თანამოქალაქეები. ოჯახი მადლობელია ქართული საზოგადოების იმ თანაგრძნობისთვის, რაც თემირლანის გარდაცვალების დროს იგრძნეს. შვილის დაღუპვის შემდეგ რასაც ყველაზე მეტად განიცდიან არის ის, რომ მათ შვილს ტერორისტად მოიხსენიებენ. გამოძიების მიერ გასაჯაროებული მასალებით ამ ეტაპზე რაც მასზე ვიცით არის ის, რომ სხვების მსგავსად, ისიც მეგობრობდა ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან… რაც არ ვიცით თემირლანზე – ჰქონდა თუ არა მას ტერორისტების დახმარების და ტერორიზმის მხარდაჭერის განზრახვა და რაში გამოიხატებოდა ის? ჰქონდა თუ არა მას ხელყუმბარა და ცდილობდა თუ არა დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას? პირველ რიგში, ოჯახს სჭირდება დამაჯერებელი პასუხები ამ კითხვებზე, როგორიც არ უნდა იყოს პასუხები. გამოძიებას სჭირდება მეტი კომუნიკაცია ოჯახთან. მანამდე კი, ოჯახისთვის იგი არის შვილი, რომელიც დედას სეზონურ სამუშაოებში ეხმარებოდა, ცდილობდა ინგლისური ენის შესწავლას, აინტერესებდა კომპიუტერული პროგრამები და სხვა მომავალზე ოცნებობა,“ – წერს ლომჯარია „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს სახალხო დამცველი პანკისში იმყოფებოდა, სადაც მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: არასრულწლოვნების მიერ მაღაზიების ძარცვის ფაქტები (ვიდეო)
შემდეგი სტატიასამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიებაში შსს-ს სპეციალური ჯგუფი ერთვება